
ხორცის ფარი საპატრიარქოსთან: არტისტი ანდრო დადიანი 17 მაისს ეხმიანება (ვიდეო)
17/05/2023 07:38:16 საზოგადოება
არტისტმა ანდრო დადიანმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან პროტესტი განსხვავებულად გამოხატა. მან გვიან ღამით შენობის შესასვლელთან ხორცის კალათბურთის ფარი დადგა.
“ეს დღე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ქვეყნის სულიერი, ეროვნული, კულტურული, ქრისტიანული, სოციალური, სახელმწიფოებრივი დამარცხების დღეა. იმ დღით სასოწარკვეთამ დამაკარგვინა მეც სახე და მაქცია ნიღბიან, ფსევდონიმიან ადამიანად. ადამიანებს მენტალურად, ეკონომიკურად, სოციალურად გატყავება და გამოშიგვნაა ამ ინსტიტუციის საქმე, ამიტომ საპატრიარქოს ჭიშკართან, მეგობართან ერთად დავდგი ხორცის კალათბურთის ფარი როგორც მათი მეტაფორული პორტრეტი", - აცხადებს არტისტი.
ანდრო დადიანი 2013 წლის 17 მაისს განიხილავს, ისეთი ტრაგიკული დღეების გვერდით, როგორიცაა 9 აპრილი, 20 ივნისი, 7 ნოემბერი და თვლის, რომ "ჰომოფობია არა ქართველის კულტურული საჭიროება, არამედ ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის გამოკვეთის საშუალებაა":
"აქ თანასწორობა დასავლური, ხოლო ანტი-ლგბტ მოძრაობები რუსული, იმპერიალისტური პოლიტიკის ნიშანია, ამ დაპირისპირებაში ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადამიანის მხარდაჭერის ნაცვლად პოლიტიკური პოზიცია დაიკავა და საკუთარი ერის მოწინააღმდეგე სტრუქტურულ მოძალადედ ჩამოყალიბდა. ჩვენ უნდა გამოვათრიოთ დუმილით ძალმოსილი ეს დღის წესრიგი საჯარო სივრცეში, ხშირი დისკუსიით თავიდან უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობები საზოგადოებრივი საჭიროების მიხედვით მას, მაშინ როცა სასულიერო პირები ზემოთ და ზემოთ ხტებიან, ახალ სიმაღლეებს იპყრობენ ადამიანისა და სიცოცხლის მნიშვნელობის მოსპობაში".
ცნობისთვის: 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა. კერძოდ,1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.
ამ დღის აღნიშვნას საქართველოში ლგბტქ+ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები რადიკალური ჯგუფების მხრიდან წინააღმდეგობის ფონზე ცდილობენ.
2013 წლის 17 მაისს თბილისში, პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტქ+ თემის წევრებს სასულიერო პირების თანხლებით ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და საქართველოს მოსარჩელეებისთვის 193 500 ევროს გადახდა დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“, ააიპ "იდენტობისა" და "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის" (EHRAC) ერთობლივ საქმეზე -„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, 17 მაისს ქაშუეთის ტაძრიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება.