
აფხაზური ოპოზიცია: "მოსკოვი ვალდებულია, თბილისის მიმართ პოლიტიკა სოხუმს შეუთანხმოს"
17/05/2023 10:35:18 კონფლიქტები, პოლიტიკა
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა თბილისის მიმართ მოსკოვის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს ეხმიანება და კრემლის მიერ სოხუმთან მიმართებაში ორმხრივი შეთანხმებების დარღვევაზე მიუთითებს. ამასთან, არძინბა სოხუმის ხელისუფლებას მიმდინარე მოვლენებზე დუმილის გამო აკრიტიკებს.
«უკვე ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რჟიმი გააუქმა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილებაც გამოაცხადა, სოხუმის მხრიდან კი არავითარი რეაქცია არ ჩანს, მათ შორის - არც რუსული ავიაკომპანიების საიტებზე ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამოღებაზე. არადა, არსებობს აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული სამოკავშირეო შეთანხმების მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ, კოორდინირებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. არავინ მოითხოვს, მოსკოვმა აფხაზეთს შეუთანხმოს თავისი პოლიტიკა ჩინეთის ან კოლექტიური დასავლეთის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოზე, რომელთანაც ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით და ცხადია, აქ ჩვენს აზრსაც უნდა ითვალისწინებდნენ. ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის ხელისუფლების დუმილი სრულიად გაუგებარია" - წერს არძინბა ტელეგრამ-არხში.
იგი ზოგადად ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობების გაუარესებაზეც მიუთითებს:
"უნდა ითქვას, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვათ, არ გაუმჯობესებულა: უმაღლეს დონეზე მხოლოდ ერთი შეხვედრა, ჩვენი მთავრობის მეთაურის მხოლოდ ერთი ვიზიტი მოსკოვში, მთავრობათაშორისი კომისიის ძალზე დაბალი აქტივობა,კანონმდებლობების ჰარმონიზაციის გეგმის ჩავარდნა და ა.შ. 9 მაისს მოსკოვში გამართულ საზეიმო აღლუნზე კი პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიწვეულიც კი არ იყო... არავინ გაუწევს ანგარიშს მათ, ვინც მსოფლიო რყევების ფონზე საკუთარი ხალხის უსაფრთხოებასა და გადარჩენაზე ფიქრის ნაცვლად, პირად გამდიდრებასა და [რუსი - რედ.] ოლიგარქების კეთილდღეობაზე ზრუნავს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილ ვითარებაში ჩვენი ხელისუფლების დევანდელ განცხადებებსა და ქმედებებზე დიდად იქნება დამოკიდებული აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის ავტორიტეტიც და მომავალიც. თუ დღეს არაფერს შევცვლით, შემდეგ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად" - წერს არძინბა.
ცნობისთვის: რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავს, აფხაზეთსა და ცხნვალის რეგიონთან დაკავშირებით თბილისში აგორებული სკანდალის გამო თავის საიტზე ქვეყნების ჩამონათვალიდან საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონი ამოიღო, ხოლო მას შემდეგ, რაც უკვე ამის გამო მოსკოვში აგორდა სკანდალი, ქვეყნების ჩამონათვალი საერთოდ წაშალა. ამიერიდან კომპანიის საიტზე რეგისტრაციისა და ბილეთის შეძენისას საკმარისია დოკუმენტის ან პასპორტის ნომრის მითითება მისი გამცემი სახელმწიფოს მითითების გარეშე, - იუწყება რუსული მედია.
იმ ფაქტს, რომ რუსული ავიაკომპანიის საიტზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე ქვეყნებად იყვნენ მითითებულები, სოცქსელების ქართველმა მომხმარებლებმა მიაქციეს ყურადღება, სკანდალის აგორებიდან მალევე, დაახლოებით 2 საათში კი საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონი ქვეყნების ჩამონათვალიდან გაქრა.
თუმცა მეორე დღეს უკვე ამის გამო თავად მოსკოვში აგორდა სკანდალი: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ზურაბ მაკიევმა გენერალურ პროკურორსა და საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართა, "გადაამოწმონ ინფორმაცია ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სარეგისტრაციო ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოღების შესახებ და მისი დადასტურების შემთხვევაში პროკურატურამ მიიღოს შესაბამისი ზომები, საჰაერო ტრანსპორტის სააგენტომ კი კომპანიას ფრენის ლიცენზია შეუჩეროს".
"შემოსავლების გაზრდის მსურველი კომპანიის ქმედებამ შესაძლოა, გააჩინოს უარყოფითი პრეცედენტი და ხვალ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობიდან ამოიღონ ყირიმი, დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები“ - განაცხადა მაკიევმა.
ამის შემდეგ ავიაკომპანიის საიტიდან ქვეყნების ჩამონათვალი საერთოდ გაქრა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია „აზიმუტი" (Azimuth Airlines) 17 მაისიდან, კვირაში შვიდჯერ შეასრულებს. მისივე მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ ფიგურირებს ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა შავ სიაში.