18-05-2023 18:13:30 საზოგადოება ,მულტიკულტურული საქართველო
18 მაისს კათოლიკეები ამაღლების დღესასწაულს ზეიმობენ. სასულიერო პირები მრევლთან ერთად ბუზმარეთში, თურქეთ–საქართველოს სასაზღვრო ზონაში იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალება "sknews" სასულიერო პირებზე დაყრდნობით იუწყება, მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა, რომელიც ბერ იოანედ გაეცნო, წირვის ჩატარების უფლება არ მისცა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.
"ვერ ჩაატარებთ აქ წირვას ტო! ტყეში გადით და სადაც გინდათ ჩაატარეთ", – უთხრა მათ ბერმა.
სააგენტო წერდა, რომ ეკლესიაში მრევლს უშვებდნენ, ხოლო კათოლიკე სასულიერო პირებს წირვის ჩატარებაზე უარი უთხრეს.
თურქეთ–საქართველოს სასაზღვრო ზონაში მორწმუნეები არლიდან, უდედან, ვალედან და ხიზაბავრიდან ჩავიდნენ.
საბოლოოდ კათოლიკე სასულიერო პირებმა წმინდა წირვის ჩატარება ბუზმარეთის ეკლესიის ეზოს გარეთ დაიწყეს.
ბუზმარეთის სახელს ადიგენში, თურქეთ-საქრთველოს საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ერთი, საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და უძველეს ნაეკლესიარზე, 2006–2007 წლებში სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე – საზღვრის გარეთაა. ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკები არიან. ტრადიციულად, ამაღლების დღესასწაულზე ამ ტაძრების მოსალოცად, როგორც კათოლიკეები (რომაული და სომხური წესის) ასევე მართლმადიდებლები (საკუთარი ლიტურგიული კალენდრის მიხედვით) დადიან.