19-05-2023 13:00:14 კონფლიქტები ,პოლიტიკა
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია მინიმუმ, უხერხულს უწოდებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების განახლების შემდეგ მოსკოვიდან პირდაპირი რეისი სწორედ დღეს ჩამოდის.
„როგორ ბედავთ, რომ ქართველის პირადობის მოწმობას ფეხს აბიჯებთო, აი, ამას ემსხვერპლა ჩემი შვილი. ასე, რომ მართლა დღეს, პირველად რომ ჩამოვაფრენთ ამ რუსეთის თვითმფრინავს… რატომღაც მგონია, რომ ცოტა უხერხულობას უნდა ქმნიდეს, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილი დღეს მოკვდა, არა. ვინც დადებითად ჩათვლის, რომ ეს მოვლენა კარგია, ცოტა უხერხულობის მომენტი უნდა ჰქონდეს“, -განუცხადა ჟურნალისტებს შვილის საფლავზე მყოფმა ჯულიეტა ჭანტურიამ.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან დღეს 7 წელი გავიდა. ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად გასამართლებული აფხაზი ე.წ. მესაზღვრის რაშიდ კანჯი-ოღლისთვის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაუკისრებია. გიგა ოთხოზორია ზუგდიდშია დაკრძალული. გიგა ოთხოზორიას ოჯახი ისევ მოითხოვს მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლის დასჯას. თუმცა, როგორც ჯულიეტა ჭანტურია ამბობს, "დამნაშავის დასჯის იმედი ყოველ წელს იკლებს".