22-05-2023 10:21:55 კონფლიქტები ,რეკლამა
საქართველოს ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მონიტორინგის დელეგაცია ეწვია, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა სხდომა სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით.
სახელმწიფო მინისტრის პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრაში, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათი ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა დელეგაციის წევრებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები და ამოცანები გააცნო.
„მან დეტალურად მიმოიხილა ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და პრინციპებთან შესაბამისობის შესახებ. მრჩეველთა კომიტეტის წარმომადგენლებმა სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებების მხრიდან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტიდისკრიმინაციის, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით თითოეულ სფეროში სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღწეული შედეგების შესახებ; საქართველოში ვიზიტისას დელეგაცია, ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. გამართული შეხვედრებისას მიღებული ინფორმაციის საფუძველზეც მომზადდება მონიტორინგის ანგარიში და რეზოლუცია საქართველოსთვის“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის ვიზიტი მიზნად ისახავს ქვეყნის მიერ კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას. ის ამჯერად მოიცავს 2017-2021 წლების პერიოდს და მონიტორინგის 5-წლიანი ციკლის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ იმართება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს გამართული სხდომა, რომელზეც მსჯელობა წარიმართა ეთნიკურ უმცირესობათა მიმართებით მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მონაწილეობით; მონიტორინგის დელეგაციის წევრებს ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი ინტეგრაციის და განმტკიცებისთვის გახსნილი შესაძლებლობებისა და უკვე მიღწეული ხელშესახები შედეგებისა და პროგრესის თაობაზე, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო განუხრელად განაგრძობს საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.