თეა ახვლედიანი სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო

23-05-2023 16:56:19 კონფლიქტები ,რეკლამა

„აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სამნავიანი ბაზილიკის ტაძარი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ფონდი „კანანელის“ და აფხაზეთის ომის ვეტერანთა ინიციატივით აშენდება.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ტაძრის საძირკველი აკურთხეს და ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის აშენებას საფუძველი სწორედ დღეს ჩაეყარა, როდესაც ჩვენ „აფხაზეთობას“ აღვნიშნავთ. თითოეული ქართველისთვის და განსაკუთრებით აფხაზეთის მკვიდრთათვის დღევანდელი დღე განსაკუთრებული ემოციებით, უთბილესი და ამავდროულად, მეტად მწუხარე მოგონებებითაც არის გაჯერებული, ვინაიდან ჩვენ ერთნი ვართ, ჩვენ საერთო ისტორია, კულტურა და ტრადიციები გვაერთიანებს; ეს ტაძარიც, რომელიც 30 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში პროვოცირებულ და ინსპირირებულ შეიარაღებულ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა ხსოვნისთვის შენდება, სწორედ ერთიანობის და შერიგების სიმბოლო გახდება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ნდობის და მშვიდობის მშენებლობა, შერიგება, განვითარება არის ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობის და უკეთესი მომავლის მიღწევის უალტერნატივო გზა, რასაც ემსახურება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკა,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

„აფაზეთობის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ომის ვეტერანები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები