მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდება

26-05-2023 10:24:00 საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდება.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, ფრედერიკ დაგლასის სახელობის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში უკვე განათდა.

„აშშ-ის დედაქალაქის გულში, ფრედერიკ დუგლასის სახელობის ხიდი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პირველად განათდა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში! უღრმესი მადლობა ვაშინგტონის მერიას და მერ მარიელ ბაუზერს, რომელმაც 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა“, - აცხადებენ საელჩოში.

ამასთან, კანადაში, ნიაგარას ჩანჩქერზე საქართველოს დროშის გამოსახულება გამოჩნდება. საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვას ცენტრალური ხიდები, ქალაქ კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი; ავსტრალიაში ავსტრალიის ეროვნული კარილიონის შენობა; არგენტინაში საკანონმდებლო ორგანოს შენობა; არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ADNOC-ის შენობა; საუდის არაბეთში ცნობილი შენობა - Kingdom Tower, თურქეთში კი ქალაქ იზმირის მთავარი სიმბოლო - საათის კოშკი; აზერბაიჯანში „ჰეიდარ ალიევის ცენტრი", კვიპროსში კი, ქალაქ ნიქოზიის ცენტრალური მოედანი; ბარსელონაში ქალაქის მთავარი შადრევანი; ქალაქ თესალონიკში კი - მერიის შენობა და ა.შ.

ცნობისთვის: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა.

70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები