"საქართველო ირჩევს ევროპას" : მოქალაქეები რუსთაველზე მსვლელობას აწყობენ

26-05-2023 11:25:05 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღეს ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით მსვლელობა აწყობენ. დემონსტრანტებს უკრაინის ეროვნული დროშებიც აქვთ გამოტანილი.

მსვლელობა „ტალღისა“ და „ჯიუტის“ ორგანიზებით იმართება. „საქართველო ირჩევს ევროპას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ საქართველოს და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაშალეს. აქციის ორგანიზატორები არიან მოძრაობები "ტალღა" და "ჯიუტები". მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსთაველის ძეგლიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.

აქციის ერთ–ერთი მონაწილე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიცია მას საშუალებას არ აძლევს ევროკავშირის პატარა დროშითაც კი გადაადგილდეს თავისუფების მოედნისკენ.

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.

26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლება, ქალაქის სადღესასწაულო მორთულობისას ევროკავშირის დროშები ამოიღო და საქართველოს პარლამენტთან მხოლოდ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები განათავსა. მოქალაქეების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება, საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟად მიიჩნია და გადაწყვიტა, ამ გზით ეჩვენებინა ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის ის, რომ ქვეყნის დასავლური კურსი უალტერნატივოა.

26 მაისს მსვლელობის მოწყობას აპირებს პარტია „ლელოც“. პარტია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დღეს 15:00 საათზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბონ და მსვლელობა მოაწყონ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები