ბჟანია: "სანამ ამით ვიყავით დაკავებულები, რუსეთმა ავიამიმოსვლა საქართველოსთან აღადგინა"

29-05-2023 13:05:36 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხზე საუბრისას რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას გამოეხმაურა.

"რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, რუსეთთან ჩვენც ვმუშაობთ ამ საკითხზე. ხელი უნდა მოეწეროს სამთავრობოთაშორისო დოკუმენტს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ავიამიმოსვლის თაობაზე. სანამ ამით ვიყავით დაკავებულები, რუსეთმა ავიამიმოსვლა საქართველოსთან აღადგინა. ეს მხარეთა საქმეა და ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ავიამიმოსვლა გვქონდეს რუსეთთან. ვფიქრობ, საკითხს გადავჭრით. არსებობს სირთულეები, წინაღობები, მაგრამ საქმე წინ მიდის" - განაცხადა ბჟანიამ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან ე.წ სამთავრობოთაშორისო შეთანხმების დეტალურ დამუშავებას შეუდგა. სოხუმის ე.წ ხელისუფლება რუსული მხარის დახმარებით სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2024 წლისთვის გეგმავს. აფხაზეთში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ამასწინანდელი ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროექტის ინვესტროი რუსული სამრეწველო ჯგუფი "საბაზისო ელემენტია". იგი შედგება კომპანიებისგან, რომელთაც კრემლის ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აკონტროლებს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ სცნობს, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიიჩნევს, რომ აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება, რადგან ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნებოდა. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას 2006 წლიდან სოხუმის აეროპორტის კოდი ანულირებული აქვს და ორგანიზაციის დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოღებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები