გაგლოევს ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში სწრაფი შესვლის იმედი აქვს

29-05-2023 14:54:48 კონფლიქტები

ცხინვალი ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი იმედოვნებს, რომ "მალე დადგება სამხრეთ ოსეთის ჯერიც, რუსეთის ფედერაციას შეუერთდეს".

ამის შესახებ მან უკრაინაში მიმდინარე ომსა და რიგი უკრაინული ტერიტორიების ანექსიის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

"რუსეთი ჩვენი მთავარი მოკავშირეა და ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ უკრაინაში რუსულ სპეცოპერაციას. ჩვენი სამხედროები და მოხალისეები რუსი ჯარისკაცების მხარდამხარ დადგნენ დასავლეთის ხელში მარიონეტად ქცეულ უკრაინულ ნეონაციზმთან ამ შერკინებაში საერთო ინტერესების დასაცავად. სამხრეთ ოსეთი სრულად უჭერს მხარს დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლას. გვიხარია ჩვენს მეგობრებთან ერთად, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როცა მათი სწრაფვა რუსეთთან გაერთიანებისკენ დაემთხვა ამის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, შორს არაა ის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის ჯერიც მოვა" - განაცხადა გაგლოევმა.

მისივე თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება აქტიურად მუშაობს რუსი ინვესტორების მისაზიდად და ამ ფარგლებში სამშაბათს მოსკოვში დაგეგმილია შეხვედრა "რუსეთის საექსპორტო ცენტრის" წარმომადგენლებთან.

რაც შეეხება თბილისს, როგორც გაგლოევმა აღნიშნა ქართულ მხარესთან საერთაშორისო არენაზე შემდგომი ურთიერთობები, მათ შორის - ჟენევის დისკუსიების ფორმატშიც, დამოკიდებული იქნება ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე.

ამ კონტექსტში მან ე.წ მეორე ფრონტის შესახებ კრემლის გაცვეთილი სადეზინფორმაციო ნარატივი კიდევ ერთხელ გააჟღერა და განაცხადა: "უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის ფონზე გააქტიურდნენ საქართველოს რესპუბლიკის დესტრუქციული ძალები, რომელიც მას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მიღებულია ზომები ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და სამხედრო სფეროში რუსულ მხარესთან ურთიერთქმედების განსამტკიცებლად".

ცნობისთვის: "ინაუგურაციიდან" მალევე, 2022 წელს ალან გაგლოევმა შეაჩერა წინა დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.

ე.წ მეორე ფრონტის შესახებ ცნობილ სადეზინფორმაციო ნარატივს დღემდე აქტიურად იყენებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაც. ამასთან ბოლო პერიოდში გაჩნდა კიდევ ერთი, განსაკუთრებით საშიში სადეზინფორმაციო ნარატივი, რომლის მიხედვით, დათმობების სანაცვლოდ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დაუბრუნოს. რეალურად, რუსეთის ხელისუფლება როგორც აფხაზეთში, ისე სამაჩაბლოში ანექსიისკენ მიმართულ აქტიურ ნაბიჯებს აგრძელებს და საკუთარი ნებით თბილისისთვის არაფრის დაბრუნებას არ გეგმავს. გაგლოევის ზემოთხსენებული განცხადება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მზადყოფნის თაობაზე ამის კიდევ ერთი დასტურია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები