ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

29-05-2023 20:38:17 კონფლიქტები

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

გამოცემის ცნობით, ისინი ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში უკვე გადაიყვანეს.

"ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს, 16 მაისს, პეტრიაშვილის მეგობარი, სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე, მეგობრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და ისიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს", – იუწყება "რადიო თავისუფლება".

მისი ცნობით, ლევან პეტრიაშვილმა ოჯახთან დაკავშირება ციხიდან შეძლო და ნათესავებს აცნობა, რომ პატიმრობა შეუფარდეს.

"პეტრიაშვილმა ცოტაოდენი ფული და ტანსაცმელი მოითხოვა. ოჯახის წევრებს უთხრა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. ვიდეოზარით დარეკა, გაპარსული იყო და ნორმალურად გამოიყურებოდა, მისგან გავიგეთ, რომ არჩილ ბასანიძესაც ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც გვითხრა, „საზღვრის დარღვევის" ბრალდება წაუყენეს. ოფიციალურად დედამისისთვის ჯერ არავის უცნობებია. ხვალიდან წითელ ჯვარს მივმართავთ დასახმარებლად", – განუცხადა გამოცემას პეტრიაშვილის ოჯახის ახლობელმა.

საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აამოქმედა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზი".

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", – აცხადებს სუს–ი.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები