კობახიძე: სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება
30/05/2023 10:15:38 პოლიტიკა
სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი - ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც აქვს ორი ძირითადი მიზეზი - პირველ რიგში, სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე - ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის უმძიმესი შედეგები - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, "ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. დემარშით პრაქტკულად მოითხოვეს სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისთვის, რაც ერთგვარი სიურპრიზი იყო".
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში როგორც რადიკალური ოპოზიცია, ასევე ჩვენი პარტნიორები ამტკიცებდნენ, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, თუმცა ახლა ვიხილეთ განსხვავებული მიდგომა. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, რასაც ისევ და ისევ აქვს ორი ძირითადი მიზეზი - პირველ რიგში სანქციების დაწესება იქნებოდა ესკალაციისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი და ჩვენ ვერ დავუშვებთ ესკალაციის გაღრმავებას, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის უსაფრთხოება და მეორე - ეკონომიკური კუთხით სანქციებს ექნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის უმძიმესი შედეგები. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, როცა სანქციას უწესებ სხვას, ამის მიზანი უნდა იყოს მისი დასჯა და როდესაც სანქციების დაწესებით სჯი არა სხვას, არამედ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და ამას ვერ გავაკეთებდით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან“.
ცნობისთვის: რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.
საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ ქართველებს. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.
ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.
ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.
იხილეთ ასევე: ჰერჩინსკი: ვიცე-პრემიერმა უკვე მოსმენილი არგუმენტები გადმოგვცა, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება


