
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციურმა ძალებმა სალომე ზურაბიშვილს უპასუხეს
31/05/2023 17:02:38 კონფლიქტები, პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური ძალები ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "ზურაბიშვილი სასურველს რეალობად წარმოაჩენს".
„მანიპულაცია - ეს არის ქართველი პოლიტიკოსების საყვარელი საქმიანობა, რომლის მიზანია რუსეთსა და აფხაზეთს შორის მტკიცე სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ბზარის შეტანა. აფხაზეთის რესპუბლიკაში არ არის და არ იქნება ანტირუსული განწყობები არც საზოგადოებრივ და არც პოლიტიკურ სფეროებში. თუკი ქალბატონი ზურაბიშვილი ასე დარდობს აფხაზეთის მოქალაქეებზე და მათ უფლებებზე, მისი სტატუსი საშუალებას აძლევს ცნოს აფხაზეთის სახელმწიფო, აფხაზური პასპორტები და პირველ რიგში, გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ამ საკითხების გადაწყვეტა, საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი საზოგადოებრივი ორგანიზაციები: „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“, „არუაა“, „ვეტერანთა და ახალგაზრდობის კავშირი“, „აამტა“, „ერთობა“; ე.წ. პოლიტიკური პარტიები: „აფსნი“ და „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი".
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული მომავალი ერთადერთია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უსაფრთხოებასა და იდენტობას დაიცავს.
„როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპულ მომავალისთვის, ეს, ასევე, ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს. იმიტომ, რომ ეს მომავალი მათთვისაც არის. ეს არის ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას. მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში აქციაზე გამოვიდა და ეკავა ბანერი წარწერით "აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.