
სოხუმი ზურაბიშვილს "აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისკენ" მოუწოდებს
01/06/2023 09:23:31 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მაისის ბოლოს აფხაზეთში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა მხარდაჭერის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და "რესპუბლიკის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩაურევლობის აუცილებლობას" შეახსენებს.
"გარდა ამისა, თუკი სალომე ზურაბიშვილს ესოდენ აღელვებს აფხაზეთის მოქალაქეთა ბედი, რეკომენდაციას ვაძლევთ მას ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე, რათა აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებას მოეწეროს ხელი. უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი ხომ ვერაფერი იქნება" - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპული მომავალი ერთადერთია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უსაფრთხოებასა და იდენტობას დაიცავს.
„როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპულ მომავალისთვის, ეს, ასევე, ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს. იმიტომ, რომ ეს მომავალი მათთვისაც არის. ეს არის ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას. მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში აქციაზე გამოვიდა და ეკავა ბანერი წარწერით "აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.