Accentnews.ge
დიხამინჯია: ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბების არსებობა მნიშვნელოვანია, კარგი იქნება, მისი მოდელის შერჩევისას როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ეკონომიკის ექსპერტთა აზრი იქნეს გათვალისწინებული

დიხამინჯია: ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბების არსებობა მნიშვნელოვანია, კარგი იქნება, მისი მოდელის შერჩევისას როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ეკონომიკის ექსპერტთა აზრი იქნეს გათვალისწინებული

06/06/2023 12:36:07 ეკონომიკა, საზოგადოება

ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის ნანა დიხამინჯიას განცხადებით, ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია,

ამის შესახებ დიხამინჯიამ "აქცენტს" საქართველოს პრემიერის იმ ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად ქუთაისის პარლამენტის შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმა იგეგმება.

"ტექნოლოგიური ჰაბების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და უკვე ვხედავთ ძალიან კარგ შედეგებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ რეგიონებში ტექნოპარკებისა და ინოვაციური ცენტრების მუშაობის საფუძველზე - ეს ცენტრები გახდა ადგილობრივი ახალგაზრდების ტექნოლოგიური განვითარების მთავარი წყარო, რაც მომავალში კარგად აისახება რეგიონების განვითარებაზე" - განუცხადა "აქცენტს" ნანა დიხამინჯიამ. და იქვე დასძინა, რომ მოცემული ანონსიდან ჯერ არ ჩანს დეტალები, რომლებიც საკითხის სრულყოფილად შესაფასებლად მნიშვნელოვანია.

"ვინ ქმნის ამ ტექნოლოგიურ ჰაბს, კონკრეტულად რა დანიშნულება ექნება, რა შედეგებია მოსალოდნელი. კარგი იქნებოდა, მსგავსი წინადადებების დაგეგმვის პროცესი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და მისი მოდელის შერჩევისას გათვალისწინებულ იქნას როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ეკონომიკის ექსპერტთა აზრი" - განაცხადა ნანა დიხამინჯიამ.

მას ასევე გაიხსენა განათლების სამინისტროს ინიციატივა „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“.

"ჩვენ გვახსოვს მსგავსი ინიციატივა განათლების სამინისტროსგან რამდენიმე წლის წინ - როცა თბილისში უნდა აშენებულიყო "განათლებისა და მეცნიერების ქალაქი", ხოლო მის ადგილას დღეს მხოლოდ ერთი სკოლაა, რომლის აშენებაში არაპროპორციულად ბევრი თანხა დაიხარჯა და მაინც დაპირებულ მოდელამდე ბევრი აკლია. შესაბამისად, სწორი შეფასება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც ამ ტექნოლოგიური ჰაბის მოდელს დეტალურად გავეცნობით" - განაცხადა ნანა დიხამინჯიამ.

ცნობისთვის: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა 2019 წელს განაცხადა, რომ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდებოდა. სამინისტროს ინფორმაციით, ახალ ქალაქს უზარმაზარი საგანმანათლებლო სივრცე გააერთიანებდა და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ქუთაისის პარალამენტის შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნა სურს: "ჩვენი ხედვა არის შემდეგი: ახლა ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს, ძალიან მალე ამის თაობაზე იქნება დეტალური ინფორმაცია, ქუთაისის პარალამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის, IT სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე, ტექნოლოგიური ქალაქი და ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ამის პროექტს ვამუშავებთ, ძალიან მალე იქნება ამის პრეზენტაცია, დაელოდეთ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შინაარსიანად, ვამზადებთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S