Accentnews.ge
„16–ჯერ ითხოვა დახმარება“: რას ამბობს სახელმწიფოს მიერ სტრასბურგში წაგებული საქმე ქართულ პრაქტიკაზე

„16–ჯერ ითხოვა დახმარება“: რას ამბობს სახელმწიფოს მიერ სტრასბურგში წაგებული საქმე ქართულ პრაქტიკაზე

16/06/2023 07:47:44 ეს საინტერესოა, საზოგადოება

საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ფემიციდის საქმე წააგო. ეს არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის ამბავი, რომელმაც გადაწყვეტილება ყოფილი მეუღლის მხრიდან სისტემატიური ძალადობის გამო მიიღო.

"გარდაცვლილი წლების განმავლობაში მიმართავდა პოლიციას და შველას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცავმა უწყებებმა არ გამოიჩინეს სათანადო გულისხმიერება და არ შეასრულეს მათთვის დაკისრებული ვალდებულებები", - ამბობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ორგანიზაციაში, რომელმაც სარჩელი წარადგინა სტრასბურგში.

სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის დარღვევა დაადგინა მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში.

საია საჩივარში ასაბუთებდა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქალის გარდაცვალების პრევენცია, მიუხედავად მსხვერპლის მიერ გარდაცვალებამდე პოლიციისთვის 16-ჯერ მიმართვისა და ვერ დაიცვა მსხვერპლი ყოფილი მეუღლის მხრიდან სისტემატური ხასიათის ძალადობისგან.

"სახელმწიფომ არ გამოიძია თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი ფემიციდის თვალთახედვით, დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის პროცესში არ გაითვალისწინა გენდერული მიდგომები და საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებები.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტები და დაადგინა, რომ საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით ორ ასპექტს მოიცავს:

  • მიმდინარე გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებული შესაძლო დაუდევრობის შესახებ იყო არაეფექტიანი;
  • განმცხადებლის ქალიშვილის შეურაცხყოფასა და სიკვდილთან დაკავშირებით გამოძიება მოძალადის წინააღმდეგ იყო არაადეკვატური.

რას ამბობს სტრასბურგი

  • საია–ს ცნობით, ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, საქართველოში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემაზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა გამოიჩინეს დაუდევრობა მომჩივნის შვილის [ძალადობის მსხვერპლმა ქალმა – რედ.] მიმართ. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, რომ მომჩივნის შვილმა 16-ჯერ დარეკა დახმარების თხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ ამ 16 შეტყობინების საფუძველზე პოლიციამ 13-ჯერ პატრულის ეკიპაჟის გაგზავნით, ხოლო 3-ჯერ შემაკავებელი ორდერით უპასუხა, სამართალდამცავებმა არ მიაქციეს ყურადღება იმას, რომ მომჩივნის შვილმა დახმარების თხოვნა შეწყვიტა.
  • სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებით დაუცველი მდგომარეობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ბაზამ შესაბამის ორგანოებს უნდა მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი ინიციატივით გამოიძიონ ეს საკითხები, და ამას ხელი არ უნდა შეუშალოს დაზარალებულის მხრიდან განცხადების არარსებობამ ან შემდგომ განცხადების გამოტანამ.
  • სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ისიც, რომ სამართალდამცავები თითოეულ განცხადებას ცალკე შემთხვევად განიხილავდნენ და არა სისტემურად, რაც რისკის არასათანადოდ შეფასებაში გამოიხატა. შესაბამისად, სწრაფი და გულმოდგინე ქმედებების არარსებობამ მოძალადეს დაუსჯელობის განცდა შეუქმნა, რამაც ძალადობის განმეორებას ხელი შეუწყო.
  • სასამართლომ შეაფასა მიმდინარე გამოძიებაც და აღნიშნა, რომ 2019 წლის მაისიდან 2021 წლის დეკემბრამდე სამართალდამცავთა უმოქმედობასთან დაკავშირებით გამოძიებას არც ერთი ღონისძიება არ განუხორციელებია. რაც შეეხება მოძალადეს, ევროსასამართლოს შეფასებით, იგი მსჯავრდებულია ოჯახში ძალადობის ერთ ფაქტზე, რაც მომჩივნის შვილის გარდაცვალებას უძღოდა წინ და უზენაესმა სასამართლომ უგულებელყო წინარე შემთხვევები.
  • სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „ოჯახში ძალადობა თითქმის არასდროს არის ერთჯერადი ინციდენტი, ის ძირითადად მოიცავს კუმულაციურ და ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ, ემოციურ, სიტყვიერ და ფინანსურ ძალადობას.
  • სტრასბურგმა თქვა, რომ მითითებულ საქმეში, ეროვნულმა სასამართლომ არ შეაფასა, თუ რამდენად იყო პოლიციელთა უმოქმედობა დისკრიმინაციული მოტივით განპირობებული".

ქართული პრაქტიკა

„საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოძახებაზე მისთვისას არ არის ინფორმირებული პრეისტორიის შესახებ.

„ამ საქმეში მინიშვნელოვანია ის, რომ სტრასბურგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ინციდენრები დავინახოთ როგორც ერთი დანაშაული და არა ერთმანეთისაგან განცალკევებული ინციდენტები. სამწუხაროდ, ჩვენთან პრაქტიკაა, რომ პოლიციელებს არც კი აქვთ ინფორმაცია წინა გამოძახების ან გაცემული ორდერების შესახებ, რომელთაც შესაძლოა, ვადა გაუვიდათ“,– ამბობს ბაია პატარაია.

იურისტი დავით ჯავახიშვილი სისტემის დაუდევრობაზე საუბრობს:

„16–ჯერ შემოდის ზარი დახმარების თხოვნით და სამართალდამცავი ორგანო უნდა მიხვდეს, რომ სახეზეა გარკვეული ქმედებები, რომელიც სათანადო ყურადღების გამოჩენას საჭიროებს. საქმეზე გამოძიება იყო დაწყებული და ის ერთი თვის შემდეგ შეწყდა ქმედების არარსებობის მოტივით. ცხადია, აქ უკვე იკვეთება სამართალდამცავი და სისხლის სამართლის საპროესო ზედამხედველი ორგანოების დაუდევრობა. ამ მხრივ სასამართლომ ისაუბრა შემაკავებელი ორდერების არაეფექტიანობის ნაწილზე“.

სახელმწიფოს ჩადენილ დარღვევებზე სამართლიანი დაკმაყოფილების სახით მორალური ზიანისთვის 20 000 ევროს, ხოლო ხარჯებისთვის 12 600 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S