
"ალაჰი ხედავს, რომ ჩემი სინდისი სუფთაა" - ზარემა მუსაევამ სასამართლოში დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა
17/06/2023 10:55:09 კავკასია
აქტივისტების იანგულბაევების დედამ, ზარემა მუსაევამ, რომელიც ჩეჩნეთშია დაკავებული სასამართლოში დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
მან განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარს უჭერს, წერს Kavkaz.Realii და სასამართლო პრეცესიდან ვიდეოს ავრცელებს.
„რამდენად კეთილგანწყობილი ადამიანი ვარ, ხალხმა იცის. ალაჰი ხედავს, რომ ჩემი სინდისი სუფთაა“, - თქვა მუსაევამ და ცდილობდა ცრემლების შეკავებას.
საქმეზე განაჩენს მოსამართლე, სავარაუდოდ, 4 ივლისს გამოაცხადებს. პროკურატურა ჩეჩენი აქტივისტების დედისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 20 იანვარს ჩეჩენი ძალოვანები შეიჭრნენ ჩეჩენი აქტივისტისა და უფლებადამცველის აბუბაქარ იანგულბაევის სახლში ნიჟნი ნოვგოროდში და ჩეჩნეთის ყოფილი მოსამართლის საიდ ინგულბაევის მეუღლე ზარემა მუსაევა – ინსულტგადატანილი ქალი გაიტაცეს, ვინაიდა იანგულბაევის მამას, საიდ იანგულბაევს, როგორც ყოფილ მოსამართლეს სტატუსი იცავდა.
ძალოვანები არც ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობამ დააბრკოლა. მას 15–დღიანი პატიმრობა განუსაზღვრეს და მეტიც, მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს სახელმწიფოს წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე. პოლიციის მტკიცებით, ქალმა შსს–ს ერთ–ერთ თანამშრომელს გროზნოში გადაყვანისას სახე დაუკაწრა.
კადიროვი იანგულბაევების ოჯახს მუსაევის გატაცების მეორე დღეს ძალადობით დაემუქრა. მუქარა მან მალევე ვიდეომესიჯში გაიმეორა. მუქარას შეუერთდნენ ჩეჩნეთის უშიშროების მაღალი რანგის ძალები და ოფიციალური პირები. 2 თებერვალს, გროზნოს ცენტრში, იანგულბაევების ოჯახის წინააღმდეგ აქცია გაიმართა - დაწვეს და დახიეს მათი პორტრეტები.
2023 წლის იანვარში აბუბაქარ იანგულბაევმა რამზან კადიროვს შესთავაზა, გატაცებული დედის ნაცვლად ის დაეკავებინა. ვიდეომიმართვაში აქტივისტმა ჩეჩნეთის მეთაური „ქვეყნის წესებისა და ადამიანური მორალის“ დარღვევაში დაადანაშაულა. ის ხაზს უსვამს, რომ ზარემა მუსაევას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავების დღიდან დღემდე გაუარესებულია.
რეზონანსულ ამბავს გამოეხმაურა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოებაც. ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა გაათავისუფლოს მუსაევა და მომხდარი ამბავი ობიექტურად გამოიძიოს. მუსაევას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა რუსეთს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.
ასევე გაეცანით: კადიროვმა სისასტიკით საკუთარ თავს გადააჭარბა