მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა

20-06-2023 12:03:35 საზოგადოება

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 19 ივნისს "რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს" სხდომა გაიმართა.

როგორც ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სხდომა "ორ ქვეყანას შორის ლოგისტიკურ, სადაზღვევო და ტვირთების ტრანზიტის საკითხებს მიეძღვნა".

"შეხვედრის გახსნისას რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პადალკომ შეკრებილთ ზემო ლარსის რეაბილიტირებული და გაუმჯობესებული სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესახებ აცნობა, რომელიც, მისი თქმით, ამარტივებს საქართველოსა და რუსეთს შორის კომუნიკაციას",– აღნიშნულია ინფორმაციაში.

პადალკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მოძრაობის ორგანიზებისთვის არასტანდარტული გადაწყვეტილებები გახდა საჭირო".

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, მონაწილეებმა განიხილეს "საქართველოდან სატვირთო ავტოტრანსპორტისა და მძღოლების რუსეთში ტვირთების გადაზიდვასთან დაშვების საკითხი".

"შეხვედრის მონაწილეებმა ასევე წარმოადგინეს წინადადებები საქართველოსა და რუსეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, მათ შორის - ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შესაძლებლობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა მაისში ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის თაობაზე ისაუბრა.
  • რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. მის ხელმძღვანელად აირჩიეს კომპანია „ИК Румб“ -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული ფონდის ვიცე-პრეზიდენტი იური ბალაშოვი. მარტში იგი საქართველოს ეწვია, საქმიანი შეხვედრები გამართა ბიზნესის წარმომადგენლებთან და მოინახულა ღვინის ქარხნები კახეთის რეგიონში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები