
ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი ბანკი საერთაშორისო სანქციებს დაექვემდებარა
22/06/2023 13:02:47 კონფლიქტები
ევროკავშირმა რიგით მეთერთმეტე სასანქციო პაკეტში 2015 წელს ოკუპირებულ ცხინვალში შექმნილი "საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკი" შეიყვანა.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით აღნიშნულმა ბანკმა ოფისები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებზეც გახსნა და რიგ საბანკო მომსახურებებს რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლით ახორციელებს.
"ამგვარად ბანკს პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მოქმედებების მატერიალურ და ფინანსურ უზრუნველყოფაზე, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს" - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის მე-11 სასანქცი პაკეტს ერთვის თან.
ცნობისთვის: ინფორმაცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში "საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკის" გახსნის შესახებ 2015 წელს გავრცელდა. მაშინ მედია იუწყებოდა, რომ ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკა რუბლის ზონაში გადადიოდა და ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი ბანის მეშვეობით იგეგმებოდა ე.წ სახალხო რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ უნაღდო ანგარიშსწორების დაწყება იგეგმებოდა. პოლიტოლოგები თვლიდნენ, რომ ხსენებული ბანკის გამოყენებით რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან ანგარიშსწორებას სანქციების გვერდის ავლით აწარმოებდა.
2018 წელს The Washington Post-ი წერდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი იქცა ფინანსურ ოფშორად, რომლის გამოყენებით რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტებს აფინანსებდა.