Accentnews.ge
ცხინვალმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დე ფაქტო საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მოითხოვა

ცხინვალმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დე ფაქტო საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მოითხოვა

28/06/2023 06:14:47 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო რეჟიმმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დე ფაქტო საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მოითხოვა.

"საჭიროა დღის წესრიგში დადგეს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხები. ეს იქნება ძალიან დიდი წვლილი კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. როგორც ვიცით, სწორედ საზღვარზე იქმნება პრობლემური სიტუაციები, რომლებიც გარკვეული ესკალაციის რისკს შეიცავს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველმა კონსტანტინე კოჩიევმა. თუმცა მან იქვე განმარტა, რომ "აპრილის შემდეგ საზღვარზე ვითარება სტაბილურია".

ოსური საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ტოივო კლაარმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები იქნება პროდუქტიული და კონსტრუქციული. მან აღნიშნა, რომ სასარგებლო იქნება დისკუსიის ყველა მონაწილემ გამოიჩინოს ერთმანეთის მოსმენის სურვილი.

„სიტუაციიდან გამომდინარე, დიდი შედეგების მიღწევა, დიდი ალბათობით, ვერ იქნება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რაუნდი ჩატარდეს, რათა ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა, განვიხილოთ დღევანდელი მდგომარეობა და მოვუსმინოთ ერთმანეთს“, - განაცხადა ტოივო კლაარმა.

ოსური მედიის ცნობით, შეხვედრაზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა, რასთან დაკავშირებითაც ევროკავშირის დიპლომატმა განაცხადა: „ის, რომ ჩვენ ჟენევაში მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით, ძალის გამოუყენებლობის ერთგულების მთავარი მაჩვენებელია“.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გამართვა 11-12 ივლისს არის დაგეგმილი. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა უკვე გამართეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში. 27 ივნისს კი ისინი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს ეწვივნენ. დღესვე ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ადგილზე ვითარების გასაცნობად გაემგზავრნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S