
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს
28/06/2023 15:31:35 სამართალი, საზოგადოება
თავდასხმიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
მანამდე მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით "ფეისბუქში მიშა მშვილდაძის ცემის აღიარება გავრცელდა. პირი წერდა, რომ მან სცემა 27 ივნისის საღამოს "ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელი. ანგარიშზე, სადაც ეს "აღიარებითი ჩვენება" 28 ივნისს გამოქვეყნდა, საჯაროდ მხოლოდ ეს ერთი სტატუსი იძებნებოდა. გვერდის და პიროვნების ავთენტურობა დადგენილი არ არის.
პირმა სტატუსში მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ არ აპირებს მიმალვას და ძალადობის ფაქტის დამალვას. ამასთან, განმარტა, რომ მშვილდაძე სამიზნედ აირჩია მისი საჯარო განცხადებების, შეხედულებების და დამოკიდებულებების გამო.
გუშინ მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მშვილდაძის თქმით, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.