
ზახაროვა: "რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად"
29/06/2023 07:05:47 კონფლიქტები, პოლიტიკა
რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს აფხაზეთის გავლით სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად, - განაცხადა საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
«ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმ მასშტაბური საგზაო რუქის რეალიზებისთვის, რომელიც დაიგეგმა. იგი მოიცავს სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე შესაბამისი შეთანხმებების გაფორმებასაც, მთავრობების ეგიდით შესაბამის კომისიებსაც. ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი კეთდება ამის რეალიზებისთვის" - განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა "აფხაზეთის გავლით სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის" შესახებ განაცხადა. თემა განიხილეს "რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს" ამასწინანდელ სხდომაზეც.
აფხაზური მხარე "მესამე ქვეყნებიდან" მსგავს ტრანზიტს მხარს უჭერს. 2021 წელს აფხაზურმა "პარლამენტმა" რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიმართა განცხადებით, რომელშიც მზადყოფნა გამოთქვა, "თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის პროექტში".
"ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ ეს საკითხი თბილისის დღის წესრიგში არ დგას.