პაპუაშვილი – ზელენსკის განცხადებაზე: "ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები"
29/06/2023 14:20:53 პოლიტიკა
"ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები", – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, "ნიშნავს თუ არა უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებას?".
მისი თქმით, "უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს უკრაინის გამარჯვებას, საქართველოს ხელისუფლებას კი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პოლიტიკა აქვს გაცხადებული".
„უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს უკრაინის გამარჯვებას. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ თუ გულისხმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. არანაირი გეგმა „ბ“ და რაღაც ფარული გეგმები ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს. ოპოზიციაში რომ არიან ძალები, რომლებსაც რაღაც ასეთი აზრები უთამაშებთ თავში, დავინახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთში იყო გარკვეული არეულობა, როგორ წავიდა იმაზე საუბარი, რომ შემთხვევით ხომ არ გაგვეხედა იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც დღესდღეობით არ არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად, იმ ხალხთან ერთად, ვინც ცხოვრობს ამ ტერიტორიებზე. ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
28 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომში გამარჯვებით სარგებელს არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და ბელარუსი მიიღებენ.


