
აფხაზეთის ძებნილი "საგარეო საქმეთა მინისტრი" თურქეთშია
29/06/2023 14:33:03 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, კრემლის ახალგაზრდა შეგირდი ინალ არძინბა, რომელიც კიევს ძებნაში ჰყავს გამოცხადებული, თურქეთს ეწვია.
დე ფაქტო უწყების პრეს-სამსახურის ცნობით, არძინბას ადგილზე "თურქეთში აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი" იბრაჰიმ ავიძბა დახვდა, რის შემდეგაც მათ "წარმომადგენლობის" ოფისში თათბირი გამართეს "თურქეთში აფხაზეთის კულტურული ცენტრების ფედერაციის" ხელმძღვანელ მურატ მახარიას მონაწილეობით.
"თათბირის მსვლელობისას არძინბამ თურქეთში თანამემამულეებთან მუშაობის გააქტიურების, რუსი კოლეგების დახმარებით აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის გააქტიურების აუცილებლობას გაუსვა ხაზი" - იუწყება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
ცნობისთვის: ინალ არძინბა 2015 წლიდან უკრაინაში ძებნაშია გამოცხადებული. პროკურატურამ მას დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის, კრემლის თანამოაზრეთა გადაბირებისა და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე "ბესარაბიის" უკანონო სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის გამოცხადებისთვის საფუძვლების მზადებაში, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" წევრობაში.