Accentnews.ge
"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის რეაქცია ზელენსკის განცხადებაზე

"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის რეაქცია ზელენსკის განცხადებაზე

29/06/2023 16:04:28 პოლიტიკა

"ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები", – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინის ომში გამარჯვებით სარგებელს, მათ შორის საქართველო მიიღებს

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, "ნიშნავს თუ არა უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებას?", პაპუაშვილმა შემდეგი განაცხადა:

„უკრაინის გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს უკრაინის გამარჯვებას. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ თუ გულისხმობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. არანაირი გეგმა „ბ“ და რაღაც ფარული გეგმები ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს. ოპოზიციაში რომ არიან ძალები, რომლებსაც რაღაც ასეთი აზრები უთამაშებთ თავში, დავინახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთში იყო გარკვეული არეულობა, როგორ წავიდა იმაზე საუბარი, რომ შემთხვევით ხომ არ გაგვეხედა იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც დღესდღეობით არ არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად, იმ ხალხთან ერთად, ვინც ცხოვრობს ამ ტერიტორიებზე. ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მმართველი პარტიის კიდევ ერთი წევრი ალუდა ღუდუშაური უკრაინის ხელისუფლებას "საქართველოს იმიჯის დამაზიენებელი განცხადებების" გაკეთებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "ოცნებას" არავის მოწოდება სჭირდება:

"როდესაც ქვეყნის იმიჯის დამაზიენებელი განცხადებები გვესმის, უბრალოდ უნდა ვიყოთ ერთიანები, რომ როდესაც აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი არის "ფეიკი" და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ხშირ შემთხვევაში და აბსოლუტურ უმრავლესობაში სრულიად დაუსაბუთებლად, აი, აქ გამოვიჩინოთ ერთსულოვნება და სოლიდარობა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ შედის ერთიანი და ძლიერი საქართველოს ინტერესებში. აქედან გამომდინარე, არვის მოწოდება არ გვჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა არის ერთიანი და ძლიერი საქართველოსკენ მიმართული".

ოპოზიციაში მიჩნევენ, რომ "ძალიან სამწუხაროა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს რომელიმე პოლიტიკოსი ასე ვიწროდ ხედავს".

"უკრაინის გამარჯვება რუსეთის დამარცხებას ნიშნავს და რუსეთის დამარცხება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა უფრო იოლად გადაიჭრება მშვიდობაინი გზით", – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ "ხელისუფლება ფსონს დებს რუსეთის გამარჯვებაზე იმ ცივილიზაციურ ომში, რომელიც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს".

"ის ზიანი, რომელიც რუსულმა რეჟიმმა მიაყენა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს, გამოუსწორებელია მათი მმართველობის პირობებში. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ეს ურთიერთობები აღდგება, როდესაც ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება და უკრაინა და საქართველო ერთად გახდებიან ევროკავშირის წევრი სახლემწიფოები", – განაცხადა ბოკუჩავამ.

28 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომში გამარჯვებით სარგებელს არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და ბელარუსი მიიღებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S