
ევროპის საბჭოს გენმდივანი : გავაგრძელებთ ნდობის აღდგენის ხელშეწყობას, გავაგრძელებთ ბრძოლას აფხაზეთსა და ცხინვალში წვდომის მოპოვებისთვის
30/06/2023 08:12:01 კონფლიქტები, პოლიტიკა
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ რუსეთს შეახსენა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ვალდებულია, აღასრულოს გადაწყვეტილებები, რომელიც ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე“ მიიღო.
"ამ გადაწყვეტილებების განხილვა გაგრძელდება მინისტრთა კომიტეტში და რუსეთის ფედერაცია კვლავ ვალდებული რჩება, განახორციელოს ისინი. სასამართლოს მიერ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით დაკისრებულ თანხაზე გადაუხდელობის გამო ჯარიმა ზრდას განაგრძობს და ამჟამად 10 მილიონ ევროს აჭარბებს. ასევე არის მეორე განაჩენი, რომელიც იწყება აღსრულების სახით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გულმოდგინედ გავაგრძელებთ მუშაობას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს გადაწყვეტილებები, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ამას თითოეულ შეხვედრაზე, სადაც ეს საქმე განიხილება“, - აღნიშნა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.
მან ასევე თქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს, "რადგან საქართველოზე ანგარიშის ყოველწლიურად გულმოდგინედ მუშაობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მონახულება, რომლებიც პირდაპირ განიცდიან ამას".
მან რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის უკანონო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს ღირებულებებიდან მისი მოწყვეტის შედეგია:
„სწორედ ამის გამო მოხდა რუსეთის ევროპის საბჭოდან გაძევება და სწორედ ამის გამო ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად“.
მისი თქმით, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მტკიცეა.
„ჩვენმა ამჟამინდელმა სამოქმედო გეგმამ, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს მთავრდება, მხარი დაუჭირა თქვენს ხელისუფლებას მრავალი რეფორმის განხორციელების კუთხით პროგრესის მიღწევაში, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, სასამართლო სისტემის რეფორმა, მედია კანონმდებლობა, ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ბავშვების მიმართ სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ. მიმდინარეობს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება შემდეგი პერიოდისთვის – 2024-2027 წლებისთვის და ვიმედოვნებ, რომ ის მალე დასრულდება. ასე, რომ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ევროპის საბჭო ერთგული რჩევა გააგრძელოს თქვენი მხარდაჭერა ამ რეფორმებში, რომლებიც თქვენი ევროკავშირისკენ სწრაფვის ინსტრუმენტიცაა".
მისივე თქმით, ევროპის საბჭო ასევე ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ:
"ჩვენ გავაგრძელებთ ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობას, რომლებიც მიზნად ისახავს ხიდის გადებას მოსახლეობის ჯგუფებს შორის და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში წვდომის მოპოვებისთვის.
მისი თქმით, ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი სამოქმედო გეგმა იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი, ვინაიდან მეტია საჭიროება, ამბიციები უფრო დიდია და "ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშაოთ“.