
მშვილდაძე კამერების ჩანაწერების ამოღებას მოითხოვს: "ნუ მოაწერთ ხელს კრიმინალს!"
30/06/2023 10:23:06 სამართალი, საზოგადოება
"ფორმულას" ერთ–ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე ადვოკატთან ერთად ე.წ. დაზარალებულის პოზიციაზე მუშაობს, რომელსაც მიაწვდის საგამოძიებო უწყებას.
დოკუმენტში აღიწერება დაზარალებულის ვერსია თავდასხმასთან დაკავშირებით და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, ამოიღოს ყველა მტკიცებულება ამ ვერსიის გასამყარებლად ან გასაბათილებლად.
"მნიშვნელოვანია, არც ერთი კამერის ჩანაწერი არ დაიკარგოს. ჩვენ ვნახეთ მხოლოდ ერთი აფთიაქის ორი კამერის ჩანაწერი და გამოკვეთნენ გარკვეული პირები, გამოიკვეთა, რომ შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ დანაშაულის დაგეგმვასა და ორგანიზებაში",– თქვა მშვილდაძემ ბრიფინგზე.
ის ამბობს, რომ შემთხვევის ადგილის ირგვლივ ბევრი კამერაა, ჟურნალისტები კი არკვევენ, რომ სამართალდამცველები არსად მისულან, კამერების ჩანაწერების ამოსაღებად:
"იმედი მაქვს, "კარფურის" კამერიდან მაინც არის ამოღებული ჩანაწერი. ამაზეც ისეთი პასუხი მაქვს...ერთმა პოლიციელმა მითხრა, "ამოღებულიაო", მეორემ – "განჩინებას ველოდებითო". გამოძიებას ძალიან ვთხოვ, იმოქმედოს პროაქტიურად. ეს განცხადება აღიქვან პოზიციის მიწოდებად – გვჭირდება ყველა კამერის ჩანაწერი იქნეს ამოღებული".
ის მოუწოდებს თავდასხმის მიმდებარედ განთავსებული ობიექტების მეპატრონეებს, მიაწოდონ კამერების ჩანაწერები მედიას და პროკურატურას და რომ ეს არანაირ სამართლებრივ პრობლემას არ წარმოქმნის:
"მოქალაქეებმა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ საქმის "ჩაფარცხვის" და დამნაშავეების დაუსჯელად დატოვების სესაძლებლობა არავის მივცეთ, ვინც არ უნდა იყოს ამით დაინტერესებული".
აქვე მან მადლობა გადაუხადა ომ კომპანიებს, რომელთაც უკვე ითანამშრომლეს:
"კამერების ჩანაწერების დამალვა აღქმულ იქნება საქმის "მიჩუმათებად" და თავისთავად, კრიმინალად. ნუ მოაწერთ ხელს კრიმინალს! დავრჩეთ პატიოსან მოქალაქეებად და ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს".
მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება ცემის მუხლითაა აღძრული. დაკავებულია ერთი პირი. დაზარალებული მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმა კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელდა და მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს.