
ტოივო კლაარი, მათ შორის, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვის მიზნებს განმარტავს
30/06/2023 15:53:59 კონფლიქტები, პოლიტიკა
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი გაერო-ს და ეუთო-ს კოლეგებთან ერთად, მოსკოვში, თბილისში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შეხვედრების გამართვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
აღნიშნულის შესახებ ტოივო კლაარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორ ტოივო კლაარი წერს, შეხვედრების მთავარი მიზანი 11-12 ივლისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მომზადება იყო.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ დაირღვა.საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ; ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში. ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე, სხვა ჰუმანიტარული პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).