
ცხინვალი ქართული დრონების ჩამოგდებას არ აპირებს
04/07/2023 09:00:53 კონფლიქტები
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ქართული დრონების ჩამოგდებას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლეში ერგნეთში მიმდინარე შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ერგნეთის რიგით 113-ე შეხვედრაზე, რომელიც 3 ივლისს ჩატარდა, მხარეებს ამ თემაზე არ უმსჯელიათ, თუმცა ზოგადად, "ის, რომ სამხრეთ ოსეთში საზღვრის დაცვისას საბრძოლო ტექნიკის გამოყენების, მათ შორის დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევის წესი დამტკიცდა, ამ უკანასკნელთა განადგურებას არ ითვალისწინებს".
"ჩვენი უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურს [დრონების - რედ.] ჩამოგდება არ დაუანონსებია. საუბარი იყო უცხო საფრენი აპარატების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე. ამას "ჩამოგდება" არ ჰქვია. ხანდახან ეს მიწაზე დაშვების იძულებად ფასდება, ან გადაადგილების შეწყვეტისა და უმოძრაობის იძულებად, მაგრამ არა ჩამოგდებად, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო საფრენი აპარატების მიმართ საშუალებების გამოყენება ნებისმიერი სახელმწიფოს უფლებაა, რომლის საჰაერო სივრცეც ირღვევა, ჩვენს შემთხვევაში მათ განადგურებაზე საუბარი არაა. 3 ივლისის შეხვედრაზე ამ თემაზე არ გვიმსჯელია, თუმცა რომ გვემსჯელა, ვურჩევდი მათ, ვინც ირწმუნება, თითქოს ქართული საფრენი აპარატები ჩვენს საჰაერო სივრცეში არ დაფრინავენ, გაეცნონ ქართულ საიტებს, რომლებიც აჭრელებულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული უპოლიტიების მიერ გადაღებული კადრებით" - განაცხადა კოჩიევმა.
ცნობისთვის: ოსური "უშიშროების კომიტეტის" გაფრთხილება "უცხო საფრენი აპარატების მიმართ სპეციალური საშუალებების მოსალოდნელ გამოყენებაზე" ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ცხინვალი ქართულ მხარეს დაზვერვის მიზნით დრონების გამოყენებაში რეგულარულად ადანაშაულებს.