
"აფხაზეთი - რუსეთს": რუსული ტელეგრამ-არხები საქართველოს მიმართ "კრემლის გეგმებს" ასაჯაროებენ
06/07/2023 07:23:45 კონფლიქტები
ისტორიას არ ახსოვს, რუსეთს ვინმესთვის რაიმე ნებით დაებრუნებინოს. არც ის ახსოვს, მოსკოვს ვინმესთვის რაიმე დაეფასებინოს. სამაგიეროდ ახსოვს, რომ კრემლს მხოლოდ ძალის ენა ესმის, რომ ნებისმიერ დათმობას სისუსტედ აღიქვამს და რაც მეტს უთმობ, მით მეტს მოითხოვს... ეს მშვენივრად ვიცით ჩვენც - ქართველებმა და მიუხედავად ამისა, ვეგუებით იმას, რომ დღეს, როცა რუსეთი ყოველმხრივ დასუსტებულია, ოფიციალური თბილისი მოსკოვის წინაშე სულ უფრო მეტ დათმობაზე მიდის. დიახ, სწორედაც რომ დათმობაზე, რადგან ეს აღარავითარი სტრატეგიული თმენა აღარაა, ეს მას რახანია გასცდა და სულ უფრო მეტად ემსგავსება უომრად კაპიტულაციას.
რას აძლევს თბილისის მსგავსი პოლიტიკა მთელი ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებულ, კეთროვანად ქცეულ მოსკოვს? - ძალიან ბევრ რამეს, რაშიც დასავლური სანქციები უშლიდა ხელს, ასევე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს თავის ხრწნად ორბიტაზე დაბრუნებას, „ბონუსად“ კი - სამეზობლოში დარჩენილ ერთადერთ ქვეყანას, რომელიც თანახმაა, კრემლს დასავლეთთან ჭიდილში „ტროას ცხენად“ გამოადგეს. ჩვენ რას გვაძლევს? - ხანმოკლე, საეჭვო ეკონომიკური ეფექტისა და კრემლის სამარცხვინო სიტყვიერი ქების გარდა სასიკეთოს არაფერს, აი რისკებს კი განუზომლად ზრდის: მოსკოვთან სადღეისოდ უკვე ფაქტობრივად ღიად დაახლოების ფონზე ხომ საქართველოს მსოფლიო არენაზე არათუ პარტნიორი, გულშემატკივარიც კი აღარავინ შემორჩა; შედეგად მარტონი და შესაბამისად, მაქსიმალურად დაუცველნი ვრჩებით იმ აგრესორი სახელმწიფოს პირისპირ, რომელსაც უკრაინაში დასახული მიზნების კრახის ფონზე წყალივით სჭირდება „პატარა გამარჯვება“, რუსეთზე ეკონომიკური ბმის მნიშვნელოვანი გაღრმავება და ქვეყნიდან უცხოეთში საშოვარზე გასული ქართველების რუსეთის მოქალაქეებით უკონტროლო ჩანაცვლება კი ახალი ეფექტური ბერკეტებია კრემლის ხელში, რომელიც საქართვეოს მიმართ მისი მიზნების მიღწევას საუკეთესოდ შეუწყობს ხელს.
დაფიქრების შემთხვევაში ზემოთთქმული საქართველოს ნებისმიერი რიგითი მოქალაქისთვისაც კი არაა ძნელი მისახვედრი. ამიტომაც უწევს ძალაუფლების შენარჩუნების იდეით შეპყრობილ მმართველ გუნდს, რომლის ავტორიტარიზმისკენ გადახრილ პოლიტიკას სადღეისოდ მხოლოდ პუტინის რუსეთის მსგავსი დიქტატორული რეჟიმი თუ დაუჭერს მხარს, სიმართლის გადასაფარად მუდმივად აბრუოს მოსახლეობა ყალბი ანტიდასავლური პროპაგანდით, პოლიტიკური ოპონენტებიც, დასავლეთიც და ნებისმიერი რიგითი კრიტიკოსიც მტრად წარმოაჩინოს, რუსეთი კი - თუ მთლად მოყვარედ არა, „აუცილებელ ეკონომიკურ პარტიორად“ მაინც და ქართველებს მოსკოვთან მიმდინარე დაახლოებისგან სრულიად ფანტასტიკური, ყალბი მოლოდინები შეუქმნას.
და აი, სხვადასხვა ყაიდის ქართველი რუსეთუმეები უკვე აქტიურად ცდილობენ საქართველოს მოსახლეობის გაბრუებას ახალი, უაღრესად საშიში სიცრუით, თითქოს „რუსეთი, რომელიც „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად დათმობაზე წამოვიდა (აღადგინა პირდაპირი ფრენები და გაგვიუქმა სავიზო რეჟიმი), მოსკოვთან კიდევ უფრო მეტი დაახლოების შემთხვევაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსაც დაგვიბრუნებს“. კრემლი კი ამასობაში აფხაზეთის ანექსიისკენ სულ უფრო აქტიურ ნაბიჯებს დგამს და ამავდროულად ადგილობრივებში რუსეთთან მიერთების იდეის პროპაგანდირებას ცდილობს.
"აფხაზეთი შესაძლოა, რუსეთის ნაწილად გამოაცხადონ", - იუწყება ტელეგრამ-არხი «Кремлевская табакерка» და ინფორმაციის წყაროდ "რუსი სამხედროების, ეკონომისტებისა და პოლიტიკური სპეციალისტების ჯგუფის მიერ მომზადებულ მოხსენებას" ასახელებს, რომელშიც, მისივე ცნობით, საუბარია იმაზე, რა ნაბიჯები შეიძლება, გადადგას კრემლმა უკრაინის კონტრშეტევის "თუნდაც მეტ-ნაკლები" წარმატების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა «Кремлевская табакерка» მეზობლების მიმართ კრემლის გეგმების შესახებ მესიჯებს აქვეყნებს. მაგალითად, ერთი წლის წინ, აგვისტოს ომის წლისთავის წინა დღეებში ტელეგრამ-არხი იუწყებოდა, რომ უკრაინაში თავდაპირველი მიზნების კრახით უკმაყოფილო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მორიგი "პატარა წარმატებული ომის" განხორციელება განიზრახა და ამ კუთხით მიზანში ორი მეზობელი - საქართველო და ყაზახეთი ამოიღო. "საუბარია შეთანხმების მიღწევასა და მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების (ან საერთოდაც საბრძოლო მოქმედებების) გარეშე ფაქტობრივ შთანთქმაზე, მაგრამ ცეცხლს რეგიონს, მაღალი ალბათობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან შეუნთებენ" - იუწყებოდა ტელეგრამ-არხი.
წელს «Кремлевская табакерка» თემას აგრძელებს. მისი ინფორმაციით, ზემოთხსენებული რუსული მოხსენების ავტორებს რამდენიმე სცენარი აქვთ გამოყოფილი, რომელთა შორის ერთ-ერთის მიხედვით, "აფხაზეთი შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ნაწილად გამოაცხადონ, რაც დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების სცენარით, ანუ რეფერენდუმის გზით განხორციელდება".
"რატომ არის საუბარი მხოლოდ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე არა? - სამხრეთ ოსეთი ამ ეტაპზე დარჩება დამოუკიდებლად იმისათვის, რომ რუსეთმა ეს ელემენტი საქართველოში ვითარების კონტროლისთვის გამოიყენოს, აუცილებლობის შემთხვევაში კი ავტონომიის სტატუსით თბილისს დაუბრუნოს" - ნათქვამია, ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, მოხსენებაში.
"აფხაზეთის მიერთება არა მარტო გაზრდის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას, არამედ შესაძლებლობას მისცემს რუსეთის ხელისუფლებას, დაუმტკიცოს ელექტორატს, რომ "რუსები თავისიანებს არ ტოვებენ". ერთ-ერთ ვარიანტად ნავარაუდებია აფხაზეთის ქცევა კურორტად, სადაც რუსეთიდან საბიუჯეტო სფეროს წარმომადგენლებს, კერძოდ, პედაგოგებს, ძალოვანებსა და მედიკოსებს გაუშვებენ დასასვენებლად, რამაც რეგიონის განვითარებას ბიძგი უნდა მისცეს" - იუწყება მოხსენებაზე დაყრდნობით ტელეგრამ-არხი.
მართალია, «Кремлевская табакерка» მოხსენების არც ერთი ავტორის გვარ-სახელს არ აკონკრეტებს, თუმცა მის მიერ გადმოცემულ ინფორმაციაში დაუჯერებელი არაფერია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის როგორც პოლიტიკური, ისე საექსპერტო წრეების არაერთ წარმომადგენელს ანალოგიური მოსაზრებები საჯაროდ აქვს გამოთქმული. მაგალითად, წელიწადნახევრის წინ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა გაჟღერდა, რასაც მყისიერად მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ლეონიდ კალაშნიკოვის ინიციატივა ანალოგიური რეფერენდუმის აფხაზეთში გამართვის თაობაზეც. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა კი თავის ტელეგრამ-არხში დაწერა, რომ "საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეიძლება, დაიბრუნოს". საგულისხმოა, რომ იმ ტელეგრამ-პუბლიკაციაში მედვედევი საქართველოს და მასთან ერთად ყაზახეთს "ხელოვნურ სახელმწიფოებად" მოიხსენიებდა. ზოგადად კი, აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების "აუცილებლობის" შესახებ მოსაზრებები რუსეთის საინფორმაციო ველში უკვე ათი წელია, პერიოდულად ჟღერს.
აღსანიშნავია, რომ თავად აფხაზეთში მსგავსი ინიციატივები ყოველ ჯერზე საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. ამჯერად «Кремлевская табакерка»-ს პუბლიკაციას ტელეგრამ-არხმა «Абхазия – центр»-მა უპასუხა, რომელიც, კერძოდ, წერს:
"სადღეისოდ რუსეთთან მიერთების თემა აფხაზეთში არაპოპულარულია ისე, როგორც არასდროს და კრემლელ ტექნოლოგებს ჰმართებთ, ეს გარემოება გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არა მარტო უგუნური, არამედ დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა იქნებოდა. თუმცა მსგავსი განწყობები აფხაზეთში ახლაა - სიმშვიდის პირობებში და მათ შესაცვლელად კრემლელ პოლიტტექნოლოგებს მოსახლეობის სათანადო "მომზადება" სჭირდებათ შესაბამისი ხერხებით, რომელთა შორის ყველაზე ეფექტური საქართველოსთან [აფხაზეთის - რედ.] ომის ინსპირირებაა. პატარა კონფლიქტის ორგანიზება სირთულეს არ წარმოადგენს, ხოლო შემდეგ, ინსტინქტური, რეფლექტური განწყობების ტალღაზე აფხაზებს "ხსნად" რეფერენდუმის ჩატარებას შესთავაზებენ და ხელად დააორგანიზებენ პარლამენტისადმი შესაბამის მიმართვასაც" - ასკვნის «Абхазия – центр».