06-07-2023 12:03:41 საზოგადოება
პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მოწამლეს, – იუწყებიან ტელეკომპანიები "მთავარი" და "რუსთავი 2".
"მთავარის" ცნობით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
მოგვიანებით „რუსთავი 2"-მა გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:
"ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ იგი 1 კვირის წინ იყო. ასევე, გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ".
მისივე ცნობით, საპატრიარქოში ამ ინფორმაციას ამ ეტაპზე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით საპატრიარქოში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. საპატრიარქოს პრეს–სპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მედიისთვის კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
„მეუფე შიოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“,- დაწერა მან სოციალურ ქსელში.