
ჯეჯელავა: საპატრიარქოს "კარის თამაშების" ახალი სერია გვაქვს
06/07/2023 14:51:10 კომენტარი
ახლა საპატრიარქოს კარის თამაშების ახალი სერია გვაქვს,– ასე ეხმიანება „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ლელა ჯეჯელავა მოსაყდრე შიო მუჯირის შესაძლო მოწამვლის შესახებ ცნობებს.
მისი დაკვირვებით, ეს ჰყავს „ციანიდის საქმის“ მსგავს სპეცოპერაციას, თუმცა რაზეა გათვლილი, ამას მომავალში გავიგებთ.
იხილეთ ასევე: ჯაღმაიძე: მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალები აღმოჩნდა
„ამ ყველაფერმა ძალიან კომიკური სახე შეიძინა: 21–ე საუკუნეში დარიშხანით და ციანიდით მოწამვლაზე ვსაუბრობთ. ეს იმავე ტიპის სპეცოპერაციას ჰგავს, რომელიც თავის დროზე იყო დაგეგმილი საპატრიარქოსა და ხელისუფლების მიერ – „ციანიდის საქმე“. ეტყობა, საქართველოს ეკლესიის ისტორიის სიღრმეში წავიდნენ, სადაც არის მაღალი იერარქების მოწამვლის ფაქტები და ახლა არის საპატრიარქოს კარის თამაშების ახალი სერია: გვქონდა ციანიდის სერია, ახლა გვაქვს დარიშხანის სერია. ციანიდის სერიას მოჰყვა ის, რომ მეუფე შიო გახდა პატრიარქის მოსაყდრე. ჩვენ არ ვიცი, რით დასრულდება დარიშხანის სერია, მაგრამ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება და როგორც ციანიდის საქმე იყო ძალიან დაბლანდული (შეკერილიც კი არა), ისევე ეტყობა დასაწყისშივე ამ საქმეს, რომ ძალიან დიდი შლეიფი გაჰყვება უკან, თუ ცხადია, გაგრძელება მოჰყვება“,– ფიქრობს ჯეჯელავა.
ის იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ განსხვავებით „ციანიდის საქმისგან“, როდესაც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებდნენ ცნობებს არშემდგარი დანაშაულის შესახებ, ამ ჯერზე სავარაუდო მოწამვლის თაობაზე დაახლოებით სამი კვირის შემდეგ მიეწოდა ინფორმაცია საზოგადოებას და დაიწყო საუბარი გამოძიების საჭიროებაზეც:
„გვეუბნებიან, მეუფე შიომ შეუძლოდ იგრძნო თავი ორი–სამი კვირის წინ და საპატრიარქომ ეს არ გაახმაურა, ციანიდის საქმესთან დაკავშირებით კი ისეთი აჟიოტაჟი ატყდა... მაშინ არც ციანიდი იყო ნაპოვნი და არც ვინმე – მოწამლული. ასეთი უმნიშვნელოა მეუფე შიო, რომ სამი კვირა დამალეს მისი მოწამვლის ამბავი?!“
ჯეჯელავა კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ანდრეა ჯაღმაიძის განცხადებაში გამოჩნდა ერთი მნიშვნელოვანი პასაჟი: თურმე როდესაც ადამიანზე ხორციელდება მორალური ზეწოლა, მიმდინარეობს მისი დისკრედიტაცია, მერე ყოველთვის ასეთი ამბებით მთავრდება.ანუ, თუკი ამ საკითხზე დამნაშავედ უნდა დაინიშნოს ვინმე, უნდა აღმოჩნდეს, რომ ეს დამნაშავე არის იმ საზოგადოებიდან, რომელიც აკრიტიკებს მეუფე შიოს. იმდენს ნუ იზამთ, ეკლესიაში შესვლის შეეშინდეს ადამიანს, ახლოს აღარ მოგეკარონ, რომ შემდეგ რამე არ დაჰბრალდეთ. აბსურდამდე მივიდა ყველაფერი!“.
ჯეჯელავა დასძენს, რომ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებამ „ინტრიგა ვერ მოხსნა“ და რომ „კვანძი ჯერ კიდევ გასახსნელი დარჩა“ და რომ მოგვიანებით გავიგებთ, ორივე მეგობარი (ლევან ვასაძე და შიო მუჯირი), რომელთაგან ერთს საპატრიარქოში მნიშვნელოვანი როლი აქვს, ხოლო მეორეს სურდა, პოლიტიკაში შეესრულებინა ასეთივე როლი, რატომ აღმოჩნდნენ "ნახევრად მოწამლულები".
თავდაპირველად ტელეკომპანიებმა "მთავარმა" და "რუსთავი 2"–მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს.
"მთავარის" ცნობით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.
მოგვიანებით „რუსთავი 2"-მა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:
"ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ იგი 1 კვირის წინ იყო. ასევე, გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება. ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ".
დღის ბოლოს საპატრიარქოს პრეს–სპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან თქვა, რომ პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სისხლში მძიმე მეტალები აღმოჩნდა.
„მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი, სხვა დაზუსტებით რაიმეს თქმა დღეისათვის რთულია. [...] გამორიცხული, ჯერჯერობით, არცერთი ვერსია არაა და დამატებითი გამოძიება და კვლევებია საჭირო“, - განუცხადა დეკანოზმა ჟურანლისტებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021