ქადაგიშვილი: დღეს ჩვენი და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობა მინიმალურ დონეზეა დასული
07/07/2023 07:52:08 პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აღიარებს, რომ სადღეისოდ საქართველოს და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობა მინიმალურ დონეზეა დასული.
მისი შეფასებით, რეალურად უკრაინამ საქართველოს ელჩი გამოაძევა, თუმცა, იმ ფორმას, როგორც ეს მოხდა, საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს.
„ელჩის გამოწვევა ხდება ხოლმე როცა დამნიშნავი ქვეყანა გამოიწვევს, ხოლო ის ქვეყანა, სადაც არის მივლინებული, ან „პერსონა ნონგრატად“ აცხადებს ან აძევებს - ეუბნება „დატოვე ქვეყანა“. რა თქმა უნდა, ელჩი ელჩის სტატუსით გააგრძელებს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში ყოფნას. ჩვენი და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობა დღეს არის მინიმალურ დონეზე დასული. საქართველოს დამოკიდებულება როგორც ოფიციალური მთავრობის, ასევე ქვეყნის უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ არ შეცვლილა, თუმცა საწყენია, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს არ უყურებს როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყანას და მიაჩნია, რომ საქართველო უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებული სერვისების გამცემი ქვეყანა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის პრეტენზიებს კაპრიზი უწოდა.
უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კიევი დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს, უკრაინის საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს ელჩს დაკავშირებოდა და 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებისა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.


