Accentnews.ge
ხიდაშელი: საქართველო არ არის ისტორიული სამიტის მოლოდინში

ხიდაშელი: საქართველო არ არის ისტორიული სამიტის მოლოდინში

07/07/2023 15:07:43 კომენტარი

ქვეყანა არ არის ისტორიული სამიტის მოლოდინში და ესაა ყველაფრის პასუხი,– ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ ბლოკის სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციას.

ინფორმაციისთვის: ალიანსის სამიტი ვილნიუსში 11–12 ივლისს გაიმართება.

ხიდაშელი აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყურადღება ევროკავშირისკენაა მიპყრობილი, ნატოს შესახებ დისკუსია გაქრა დისკურსიდან და დღეს საზოგადოებას ნაკლებად აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუსტად ისეთივე შესაძლებლობის „ფანჯარა“ იხსნება ალიანსის მიმართულებით, როგორიც ევროკავშირის:

„ევროკავშირისგან ველოდებით კანდიდატის სტატუსს. რეალურად, ნატო–სგან ეს სტატუსი უკვე გვაქვს ერთის მხრივ ბუქარესტის სამიტის ჩანაწერით, რომ საქართველო გახდება ნატო–ს წევრი და მეორეს მხრივ – ვარშავის სამიტის ჩანაწერით, სადაც განისაზღვრა, თუ რატომ – შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველო განისაზღვრა საკვანძო ქვეყნად. ანუ ის, რასაც ჩვენ ევროკავშირის „ფრონტზე“ ველოდებით, ნატო–ს ფრონტზე უკვე გვაქვს. შემდგომი ნაბიჯი იდგმება დღეს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სამიტი მართლა ისტორიული იქნება, სამწუხაროდ, საქართველოსთვის, როგორც ჩანს, არა. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გამოვა, რომ საქართველოსთვისაც ისტორიული იქნება, თუ ის უკრაინისთვის იქნება ისტორიული: თუ შედგა კონსენსუსი, რომ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას გასცდეს უკრაინასთან მიმართებით – გამოიყენოს ფინეთის გამოცდილება, რომელთან მიმართებითაც მაპი არ ყოფილა გამოყენებული, როგორც გაწევრიანების ინსტრუმენტი. შესაბამისად, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციიდან ამოვარდეს სიტყვები „მაპი–ს საშუალებით“.

ხიდაშელის თქმით, საქართველო დიდი ხანია, მოითხოვდა, რომ ბუქარესტის სამიტის ტექსტი შეცვლილიყო, მაპი, როგორც გაწევრიანების ინსტრუმენტი, ამოვარდნილიყო საქართველოსთან მიმართებით, „რადგან სხვადასხვა ინსტრუმენტები, იქნება ეს უელსის სამიტზე მიღებული პაკეტი თუ შავი ზღვის უსაფრთხოების ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული პაკეტი ჩვენ პრაქტიკულად გვიქმნის ინსტრუმენტს“:

„გახსოვთ სტოლტენბერგის ბევრი განცხადება, სადაც ის იმეორებდა, რომ საქართველოს აქვს ნატო–ში გაწევრიანების ყველა ინსტრუმენტი. ეს სტანდარტული ტექსტი იყო, რომელსაც სტოლტენბერგი იმეორებდა ყველა პრესკონფერენციაზე, მათ შორის, სამიტის წინაზეც. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის პირველი პრესკონფერენცია (სამიტის წინა), სადაც სტოლტენბერგმა საქართველოზე არ ისაუბრა:

  • როგორც წამყვან ქვეყანაზე (გაწევრიანების რიგში მყოფთა შორის);
  • არ ისაუბრა ძალიან მაღალი რეესტრით (დაადასტურა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა. არ ვაკნინებ ამ განცხადების მნიშვნელობას, მაგრამ ძალიან ჩამორჩება ყველა იმ განცხადებას, რაც ამ ხნის განმავლობაში კეთდებოდა);
  • არც ერთი იმედის მომცემი წინადადება არ მოგვისმენია ჩვენ მისგან ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, გვექნება თუ არა რაიმე პროგრესი.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ასეთი სამიტის წინა პრესკონფერენცია სტოლტენბერგის გენმდივნობის პერიოდში ნატოში არ ყოფილა“,– შეაჯამა ხიდაშელმა.

მისი დასკვნით, ეს ორ რამეზე მიუთითებს:

  • საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არ აქვს ნამუშევარი, არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ამ სამიტიდან რაიმე განსაკუთრებული შედეგით წამოვსულიყავით;
  • ამ „ფრონტზე“, ისევე როგორც ევროკავშირისაზე, ერთგვარად „საშემოდგომო“ გვაქვს გამოყოლილი.

„დიახ, ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო გაერთიანება, ის არის სამხედრო–პოლიტიკური ალიანსი, შესაბამისად, ყველა ის საკითხი, რაც დემოკრატიის გაძლიერებას ეხება საქართველოში, რა თქმა უნდა, ნატო–ს შემთხვევაშიც აქტუალურია“,– ამბობს ხიდაშელი.

მისი თქმით, წელს უკრაინას შეეძლო, ყოფილიყო ხიდი როგორც ევროკავშირთან ისე ნატო–სთან ურთიერთობებში, როგორც ეს საქართველომ გააკეთა 2008 წელს (ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა ბლოკის წევრები გახდებიან), ასევე 2014 (საქართველო და უკრაინამ ასოცირების შეთანხმება გააფორმეს ევროკავშირთან) და 2018 წელს (საქართველომ და უკრაინამ მიიღეს ვიზალიბერალიზაცია):

„მეტიც, საქართველომ საკუთარი ვიზალიბერალიზაცია რამდენიმე თვით გადადო, რადგან უკრაინა ვერ ასწრებდა გარკვეულ კანონებში ცვლილებების შეტანას. ხოლო ახლა, როდესაც მდგომარეობები შეიცვალა, ჩვენ ვერ შევძელით საკადრისი პარტნიორობის გაწევა უკრაინისთვის, რომ მას შესძლებოდა, ყოფილიყო ისეთივე ხიდი, როგორიც საქართველო იყო მისთვის წინა წლებში.

ეს ვერ შევძელით არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ აღმოვჩნდით სანდო პარტნიორი, პოლიტიკური ომი გამოვუცხადეთ მათაც და მთლიანად ლიბერალურ სამყაროს – ყველას, ვისგანაც შველას ველოდებით!“,– ასკვნის ხიდაშელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S