სალომე სამადაშვილი: ვხედავთ, რომ საქართველო უკრაინის დღის წესრიგს ჩამოშორდა არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ NATO-ში გაწევრიანების გზაზეც
11/07/2023 08:27:24 პოლიტიკა
ვხედავთ, რომ საქართველო უკრაინის დღის წესრიგს ჩამოშორდა არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ NATO-ში გაწევრიანების გზაზეც, - ამის შესახებ „ლელოს” წევრმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინისა და საქართველოს გაყოფა მოხდა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:
„შეიძლება, ითქვას, რომ ამ ორი ქვეყნის გაყოფა მოხდა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს ქვეყანა NATO-ში უნდა გაწევრიანდეს, რეალურად, გაწევრიანებას მიზნად არ ისახავს. მეორე - უკანასკნელი წლების განმავლობაში უკან წავედით და არც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ გატარებულა. რეფორმების გატარება რომ მოთხოვნაა, ეს ვნახეთ უკრაინასთან მიმართებით, რომელსაც უთხრეს, რომ NATO-ს წევრი გახდება, როდესაც გატარდება რეფორმები. ხელისუფლებამ ჩააგდო ყველა შესაბამისი რეფორმა. მესამე - ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც საქართველო ვილნიუსიდან ხელცარიელი დაბრუნდება, ეს არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში. საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც გულშემატკივრობს ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და გეოპოლიტიკურ კონტექსტში ეს შეუძლებელს ხდის ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერას. ასე რომ, სანამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით არ შევცვლით რუსული ოლიგარქიულ რეჟიმს, არავითარი პროგრესი ამ ქვეყანას არც NATO-ში და არც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე არ ექნება”, - განაცხადა სამადაშვილმა.
დღეს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. მთავარი განსახილველი თემებია, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი და ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხი. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ისინი ვილნიუსის სამიტისგან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მკაფიო სიგნალს ელიან.
NATO-ს სამიტზე საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი.
ამავე თემაზე: მორიგი ნაბიჯი უკან: საქართველო უსაფრთხოებაზე უარს ამბობს?


