
რამდენად უსაფრთხოა საქართველოს საზღვაო კურორტებზე დასვენება
14/07/2023 07:48:35 კომენტარი
რამდენად უსაფრთხოა შავი ზღვა? – წყლის ხარისხის მდგომარეობის შესახებ შეშფოთება, მათ შორის, მას შემდეგაც გაიზარდა, რაც უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკას ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული, 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა რუსეთს ჰესის აფეთქებაში ადანაშაულებს, რუსეთი კი პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს. კაშხლის დანგრევამ გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა.
მას შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში წყლის ხარისხის შემოწმებასა და საზოგადოების ინფორმირებაზე, პერიოდულად ავრცელებს ცნობებს, რომ დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია. თუმცა ეს ინფორმაცია მოქალაქეთა ნაწილისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, რასაც ამძაფრებს სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის ინფორმაციის შესაძლო დამალვის თაობაზე, რათა არ ჩავარდეს ტურისტული სეზონი. ისმის კითხვებიც, აქვს კი საქართველოს ტექნოლოგიურად იმგვარად აღჭურვილი ლაბორატორია, რომ ადეკვატურად შეაფასოს არსებული მდგომარეობა? ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განმარტავს, რომ წყლის ხარისხის შემოწმებას განსაკუთრებული ტექნოლოგიები არ სჭირდება – წყლის ბაქტერიოლოგიური შემოწმება სტანდარტული მეთოდია და ეს ქვეყანაში დიდი ხანია, ხორციელდება: „აქ მთავარია, ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ საქმეს, წყლის ხარისხი ინტენსიურად შემოწმდეს და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია დამყარდეს“.
რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ინფექციონისტი ამბობს, რომ სადღეისოდ „განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს“:
„ცხადია იქ [უკრაინაში] სერიოზული ვითარება შეიქმნა, რადგან როგორც ვიცით, გადაირეცხა ნაგავსაყრელები, ცხოველების ცხედრები...რა თქმა უნდა, ინფექციების გავრცელების კუთხით ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ადგილზე ვითარების რეალური შეფასება არ გვაქვს – ზუსტად არ ვიცით რა ხდება. იზომება წყლის დაბინძურების ხარისხი, ამ წუთის მდგომარეობით, სხვა წლებთან შედარებით განსაკუთრებული არაფერი ხდება. მაგრამ წინასწარ იმის თქმა, ნაკადები რას წამოიღებს, რა კონცენტრაციით იქნება ბაქტერიები იმ მხრივ, რომ შექმნის თუ არა ინფექციის გავრცელებ ის საშიშროება, რთულია. ცხადია, მსგავსი რისკი არსებობს და ამის უზრუნველყოფა შეუძლებელია. თუმცა, ამ წუთის მდგომარეობით, ინფექციური დაავადებების გაზრდილ რისკზე საუბარი ჯერ ნაადრევია. იმედი მაქვს, შესაბამისი სტრუქტურები შეისწავლიან წყლის ხარისხს და გვეტყვიან, მაგრამ ვიმეორებ, ამ წუთის მდგომარეობით რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ გვაქვს“.
რაც შეეხება ზოგადად საზღვაო სეზონს და ინფექციების გავრცელების რისკებს, რასაც ადამიანები როგორც წესი, ძირითადად ზღვის წყალთან აკავშირებენ, ინფექციონისტი მითს უწოდებს და განმარტავს, რომ რეალურად საქმე გვაქვს კურორტის ეფექტთან – ერთად შეკრებილ ბევრ ადამიანთან, რაც თანაბარი პრობლემაა ინფექციების გავრცელების კუთხით როგორც საზღვაო, ისე მთის კურორტებზე.
„ყველგან არის ინფექციების აფეთქების რისკი, განსაკუთრებით დიარიული დაავადებების, რაც ზაფხულში ძალიან ხშირია. შესაძლოა, აუზებთან უფრო იყოს დაკავშირებული [ინფექცია], ვიდრე ზღვის წყალთან:
- არსებობს პარაზიტები, რომლებიც მედეგია ქლორირებულ წყლის მიმართაც კი;
- ძირითადად საკვებთან დაკავშირებული დაავადებები გვაქვს, რაც საკვები ობიექტების პრობლემაა. როგორც ჩანს, ბევრი მომხმარებლის გამო არ არის ჰიგიენის პირობები ყველა საკვებ ობიექტში სათანადოდ დაცული, მათ შორის, ყველგან არ არის ჭურჭლის სარეცხი მანქანა, შედეგად, გამოყენებული ჭურჭლის თერმულად სათანადოდ დამუშავება არ ხდება“.
ამასთან, ინფექციონისტი საქართველოში გავრცელებულ მითებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ძირითადად მშობლებს ფინანსური გამოწვევების წინაშე აყენებს და განმარტავს, რომ თანამედროვე მეცნიერება აღიარებს კონკრეტულ კურორტებთან დაკავშირებულ ჰავას, რომელიც თითქოს ამა თუ იმ დაავადებას კურნავს. ინფექციონისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმი საჭიროებს სუფთა ჰაერს, ამ მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია ნებისმიერი მთიანი რეგიონის არაპოპულარულ სოფელშიც, სადაც მათ შორის, ინტენსიურად არ მოძრაობენ ავტომანქანები და გამონაბოლქვით არ აბინძურებენ ჰაერს, სადაც ერთად ბევრი ადამიანი არაა თავმოყრილი, რაც იმავდროულად ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკებს ამცირებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021