კობახიძე – რუსეთიდან ფრენებზე: ევროკავშირში თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები, ნუ მისცემენ ვიზებს
14/07/2023 09:45:11 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ მიიჩნევს, რომ საქართველოდან ტრანზიტი ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეების ზრდის რისკს წარმოადგენს.
„ერთ-ერთი ელჩი გამოვიდა და თქვა ასეთი რაღაც, რომ საქართველოს გავლით ეშინიათ, ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ერთი, რომ ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა. თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს და მეორე, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად „სარისკოა“ ამ კუთხით საქართველოში ფრენები, რუსეთის მოქალაქეების ევროპაში გამგზავრების თვალსაზრისით, მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, დღეში თურქეთ-რუსეთს შორის დაახლოებით, 100 პირდაპირი რესი სრულდება, აზერბაიჯანის შემთხვევაში, დაახლოებით 25 და სომხეთის შემთხვევაში, დაახლოებით 25, ჯამში - 150. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი და როგორო შეიძლება საქართველო გახდეს რისკების საფუძველი?! ეს ხომ ცარიელი სპეკულაციაა, ეს ხომ ცარიელი ტყუილებია. როგორც შეიძლება ელჩი ასეთ რამეს კადრულობდეს, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უნდა უფრთხილდებოდეს. არ შეიძლება ასეთი ტყუილებით პიარული სვლების დაგეგმვა“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: ვნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობლის ვიტალი ვანცევის განცხადებით, თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება.
"აზიმუტსა" და Georgian Airways-სს საქართველოსა და რუსეთის დედაქალაქებს შორის დღეში ერთი რეისი ჰქონდათ. 5 ივლისიდან რუსული ავიაკომპანია თბილისში დღეში ორჯერ დაფრინავს, ქართულმა ავიაკომპანიამ კი კვირაში რამდენიმე დამატებითი რეისი დანიშნა.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) ივლისის დასაწყისში რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა. თუმცა, ფრენების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ „რიგი დამატებითი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“ - , განაცხადეს სამინისტროში.


