საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: რუსებისთვის სპეციალური რეისების შექმნა არ მომწონს
14/07/2023 12:28:37 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი რუსეთის მოქალაქეების ინტერესებით სპეციალური სატრანზიტო რეისების დანიშვნას არ ემხრობა.
"აი, ვთქვათ, ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში და საქართველოდან ვთქვათ "თურქიშით" გაფრინდა თურქეთში, ეს როგორ უნდა შეზღუდო?! თუ მის განცხადებაში ასეთი რამე წერია, რომ მათი ინტერესების გათვალისწინებით სპეციალურ რეისებს დავნერგავთო, მე პირადად არ მომწონს ეს, მაგრამ თუ რუსეთის მოქალაქე ჩამოფრინდება საქართველოში და შემდგომ საქართველოდან იმ რეისებით, რაც ყველასთვის არსებობს, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, იმ რეისით სადმე გადაფრინდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩემთვის, მაგრამ სპეციალური რეისების შექმნა, მე პირადად, არ მომწონს", – განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის: ვნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობლის ვიტალი ვანცევის განცხადებით, თბილისში რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება.
"აზიმუტსა" და Georgian Airways-სს საქართველოსა და რუსეთის დედაქალაქებს შორის დღეში ერთი რეისი ჰქონდათ. 5 ივლისიდან რუსული ავიაკომპანია თბილისში დღეში ორჯერ დაფრინავს, ქართულმა ავიაკომპანიამ კი კვირაში რამდენიმე დამატებითი რეისი დანიშნა.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) ივლისის დასაწყისში რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა. თუმცა, ფრენების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ „რიგი დამატებითი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში“ - , განაცხადეს სამინისტროში.


