აფხაზი ბლოგერი - ევროპარლამენტში: აფხაზეთში კონფლიქტის პროვოცირება რუსეთმა მოახდინა

19-07-2023 11:53:42 კონფლიქტები

აფხაზმა ბლოგერმა, ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ წარმომადგენელმა დაურ ბუავამ ისაუბრა ევროპარლამენტში პანელულ დისკუსიაზე, „მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“.

ის დამსწრე საზოგადოებას აფხაზურ ენაზე მიესალმა, შემდეგ კი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

„30 წელია, ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირი ინფორმაციაა. მათ ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ „ქართველი ხალხი აფხაზების მტერია“. მე თავად ვარ აფხაზი, აფხაზეთიდან და ორი წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე, ბევრი რამ გავიგე. მე მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენაც კი წერია საქართველოს კონსტიტუციაში – ის ქართული ენის თანასწორია. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რაც უნდა იცოდნენ... და ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც, პრინციპში, კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა 30 წლის წინ - ეს იყო რუსეთი“, - განაცხადა ბუავამ.

ბლოგერი მიუღებლად მიიჩნევს, რომ ქართველები და აფხაზები – ორი ხალხი, რომლებიც „საუკუნეების მანძილზე მხარდამხარ ცხოვრობდნენ, ქმნიდნენ საერთო ისტორიას“, 21-ე საუკუნეში გაყოფილნი არიან.

აღსანიშნავია, რომ ბუავა ბრიუსელში თბილისში არსებულ სოხუმის უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ ბლოგერი ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში საცხოვრებლად 2021 წელს გადავიდა. 2022 წლის ზაფხულში აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სოხუმმა განაცხადა, რომ ბლოგერის მიერ Tiktok-ზე განთავსებული ვიდეოები აზიანებს აფხაზეთის „სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვის შესაძლებლობებს“. გასული წლის დეკემბერში დაურ ბუავამ გამარტივებული წესით მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები