Accentnews.ge
წინაგარის ოსური მოსახლეობა რუსი ოკუპანტების მხრიდან დაკავებებს აპროტესტებს

წინაგარის ოსური მოსახლეობა რუსი ოკუპანტების მხრიდან დაკავებებს აპროტესტებს

19/07/2023 17:01:34 კონფლიქტები

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს აკავებენ. ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლებსაც ე.წ. საზღვრის და დე ფაქტო სასაზღვრო ზონის დარღვევის გამო სოლიდური ჯარიმების გადახდა უწევთ, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

18 ივლისს ოკუპირებულ სოფელ წინაგარში დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მათი პრობლემების მოსასმენად ჩავიდა. წინაგარი ხურვალეთს და ბერშუეთს ესაზღვრება.

ოსური მედიის ცნობით, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა გაგლოევს შესჩივლეს, რომ "რუსეთის მესაზღვრეები ხშირად აკავებენ და აჯარიმებენ". "მოსახლეობის თქმით, ეკონომიკური საქმიანობის დამამტკიცებელი საბუთების არარსებობის გამო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ ჯარიმებს ვერ აუდიან. როგორც ისინი ამბობენ, მათ ხშირად სასაზღვრო ზონაში საქონლის გადაყვანის გამო აკავებენ და აჯარიმებენ", – იტყობინება ოსური მედია.

დე ფაქტო პრეზიდენტმა განმარტა, რომ "კანონი ვრცელდება სასაზღვრო ზონის ყველა მცხოვრებზე და მესაზღვრეები იცავენ ხელშეკრულების პუნქტებს, რომელსაც მხარეებმა - რუსეთის ფედერაციამ და სამხრეთ ოსეთმა 2008 წლის შემდეგ მოაწერეს ხელი".

ამასთან, ოსური მედიის ცნობით, "მან გასცა შესაბამისი ბრძანება ამ საკითხის შესწავლისა და მოსახლეობისთვის ყველაზე მისაღები გამოსავლის მოძებნის მიზნით".

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ნახევარი წლის სტატისტიკა ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა. დე ფაქტო უწყების ცნობით, გასული 6 თვის განმავლობაში ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობა 185-მა პირმა დაარღვია, მათგან 8 დე ფაქტო საზღვრის დამრღვევია, 86 - დე ფაქტო საზღვრის რეჟიმის, ხოლო 91 - დე ფაქტო სასაზღვრო ზონის რეჟიმის კანონდამრღვევი.

როგორც გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნული, დე ფაქტო სასაზღვრო სამსახურმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე გამოძიება ჩაატარა.

მისი ცნობით, „121 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 3 პირი გააძევეს რესპუბლიკიდან, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით. ჯარიმების გარეშე გაფრთხილებულია 46 პირი, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 7 პირის მიმართ“.

ამ სტატისტიკის მიხედვით, დე ფაქტო საზღვრის და დე ფაქტო სასაზღვროს ზონის დარღვევის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა დიდი ნაწილი დააჯარიმეს. ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იხდის სასჯელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S