
აფხაზეთში "კანონიერი ქურდი" მოკლეს
20/07/2023 08:57:19 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში "კანონიერი ქურდი" თიმურ ახუბა, მეტსახელად „დინ რიდი“ მოკლეს. ამის შესახებ ტელეგრამ– არხი RESPUBLICA იტყობინება.
ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. გენერალურ პროკურატურაში დაადასტურეს.
საქმე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზეა აღძრული.
„ამჟამად შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი მუშაობს. სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულში მონაწილე პირის იდენტიფიცირებისა და დაკავების დავალება მიეცათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ახუბა წარსულში ნასამართლევი იყო ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო მოხმარებისთვის. 2020 წლის დეკემბერში ის აფხაზეთში „სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვისთვის“ დააკავეს. ახუბას დაკავების შესახებ ცნობებში მიმდინარე წლის მაისშიც გავრცელდა.