
ისტორიული არქივის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გოგი გიორგობიანს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო გადაეცა
22/07/2023 18:18:06 საზოგადოება
ისტორიული არქივის შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული ძეგლების დოკუმენტალისტ გოგი გიორგობიანს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო გადაეცა.
ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართა.
"გამოფენაზე წარმოდგენილია 38 ნამუშევარი, არის შავ-თეთრები და ფერადებიც, ძირითადად ეკლესიებია, თბილიც მაქვს გადაღებული. მამა გაბრიელის დაკრძალვაზე მხოლოდ მე ვიყავი იქ და ეს წიგნში ასახულია. არ ვიცი, ალბათ მე რაღაც სიკეთე მაქვს გაკეთებული, რომ ღმერთმა ასეთი ბედნიერება მომანიჭა" - განაცხადა გოგი გიორგობიანმა.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტალისტმა ბიბლიოთეკას ასეულობით ნამუშევარი გადასცა.
"ბატონმა გოგიმ ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა მისი ნამუშევრები, ასეულობით დოკუმენტი, თითოეული მათგანი ისტორიულ წყაროს წარმოადგენს და სწორედ ამ დიდი დამსახურების გამო, საქართველოს ეროვნული ბიბლიოეკისაგან მას გადაეცა სპეციალური ჯილდო, რომელიც არის განკუთვნილი ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრებისათვის" - განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.
ქვეყნისთვის დოკუმენტების გადაცემისთვის დოკუმენტალისტს მადლობას უხდის საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
"როგორც ყველამ ვიცით, მისი მთელი შეგნებული ცხოვრება მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ზოგადად ჩვენს ქვეყანას მიუძღვნა. სწორედ ამ არქივს თავისი საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გადასცემს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და აქ უკვე ჩვენ მილოცვასთან ერთად გვეკუთვნის, რომ მას ვუთხრათ ამისთვის მადლობა" - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის: გამოფენა გოგი გიორგობიანის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. საუბილეოო საღამოზე, მას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სპეციალური ჯილდო, გულსაბნევი გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკის ჯილდო დაარსებიდან დღემდე სულ რამდენიმე ადამიანს აქვს მიღებული. გოგი გიორგობიანმა ეროვნულ ბიბლიოთეკას მე-20 საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტების ამსახველი ფოტო-დოკუმენტები გადასცა. ამ დროისთვის, ფოტომასალის გაციფრულება მიმდინარეობს. გოგი გიორგობიანმა გადაიღო ორი ათასამდე ისტორიული ექსპონატი, ხუთასზე მეტი კულტურული, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი, ეკლესია და მონასტერი, მოვლილი აქვს ასობით არქეოლოგიური ექსპედიცია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021