ლევან ხაბეიშვილი – ნიკა მელიაზე: ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო
26/07/2023 08:22:55 პოლიტიკა
"ერთი ადამიანის ჯუჯღუნი, წუწუნი და პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო", - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.
მისი თქმით, "თუ ნიკა მელია ასე გააგრძელებს, უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას".
„ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა. იმ ქვეყანაში, სადაც 100 ათასი ბავშვი შიმშილობს, 400 ათას პენსიონერს აწუხებს საპენსიო სესხის პრობლემა, აწუხებს დაბალი პენსია, ადამიანებს არ აქვთ სამსახური, გულწრფელად გეუბნებით, ერთი ადამიანის ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია ხალხისთვისაც. რამდენიმე საათის განმავლობაში ურთულესი საყურებელია კონკრეტული ადამიანის წუწუნის, მოთქმის და ჯუჯღუნის ყურება. შესაბამისად, დიდი სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე ჩემი მხრიდან არ იქნებოდა მართალი", – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, "რუსულ პარტიას, პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილს, დიახ, ტყვეობასა და იზოლაციაში ჰყავს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეს არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელზეც არათუ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებში არის კონსენსუსი, ეს არის სიმართლე".
"დანარჩენი, კონკრეტული ადამიანები პირადი გამორჩენის გამო, პირადი წუწუნის, წუხილის, ჯუჯღუნის გამო აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს, რაც მათი საქმეა. თუ რამე დამატებით იციან, სჯობს მათ ისაუბრონ თავის წუწუნსა და ჯუჯღუნზე, ვიდრე ვაკეთო კომენტარი. [...] ავტომობილს ზეთს გამოცვლა სჭირდება, რომ ძრავა არ გაჩერდეს და თუ ასე გააგრძელებს მუდმივად მისი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


