27-07-2023 16:23:57 პოლიტიკა
სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერ Astoria Grande–ს ჩამოყოლილი რუსი ტურისტების ნაწილი აცხადებს, რომ "რუსეთი ოკუპანტი არაა".
რუს ტურისტებთან ინტერვიუ ტელეკომპანიებია „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა ჩაწერეს.
"თქვენთან ძალიან ლამაზი ბუნებაა. ბოტანიკური ბაღის სანახავად მივდივართ. ოკუპაციის შესახებ არ ვიცით. თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, საკავშირო და არა ოკუპირებული. რუსეთი ოკუპანტი არ არის, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით. აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ. ისინი დახმარებას გვთხოვდნენ, თქვენ ხომ ტანკებით წახვედით იქ. მე ვიყავი აფხაზეთში და ვნახე სახლები, ყველას ფანჯრები ჰქონდა ჩამტვრეული, თქვენგან იყო დანგრეული. რუსეთი აფხაზეთს დაეხმარა თქვენგან გათავისუფლებაში", – ამბობს რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე.
ბათუმში ჩამოსულმა კიდევ ერთმა რუსი ტურისტმა შემდეგი განაცხადა:
"ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი, ჩვენთვის ყველაფერი საბჭოთა კავშირია, რუსეთი არ არის ოკუპანტი., ჩვენ საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი და ძლიერი".
კიდევ ერთი რუსი ტურისტი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ "საქართველო საბჭოთა კავშირია":
„1978 წელს ვიყავით ბათუმში ბოლოს. ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ. არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ“.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემი – ASTORIA GRANDE რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია „Goodwin Shipping Limited-ის“ სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება. მისი ცნობით, აღნიშნული საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.