31-07-2023 11:35:15 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ.
მისი თქმით, წარმოუდგენელია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის მიმართულებით ისევე, როგორც უკრაინაში რუსეთის აგრესიის პოზიციაზე.
"სტრატეგიულ პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს პარლამენტი და ეს კანონით არის გათვალისწინებული. ჯერჯერობით სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ გვაქვს აშშ-სთან. ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე პარლამენტს მთავრობისთვის თანხმობა არ მიუცია. აქაც ბატონი ღარიბაშვილი არღვევს კანონმდებლობას. ამასთან სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას ყველა მიმართულებით. როგორ წარმოგიდგენიათ სტრატეგიული პარტნიორობა ადამიანის უფლებების მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით, უკრაინაში ომის პოზიციასთან მიმართებით?! კარგი და პარტნიორული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩინეთთან უნდა გვქონდეს, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დონეა და ამას სჭირდება პარლამენტთან შეთანხმება. ეს არის გარკვეული დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ, რადგან თუ ხარ სტრატეგიული პარტნიორი აშშ-სი, ევროკავშირის, ცოტა რთულია იგივე დონის სტრატეგიული პარტნიორობა გქონდეს ჩინეთთან. ამ ქვეყნებს არ აქვთ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც, გარკვეული პოლიტიკური ბალანსია დასაცავი," - განაცხადა ჩიხლაძემ.