"ოცნებაში" ბათუმის პორტში გამართულ აქციას კვლავ "ქაჯობად" აფასებენ: „ქაჯობა“ ყველაზე მსუბუქი შეფასებაა, რაც კობახიძემ გააკეთა
31/07/2023 09:30:18 პოლიტიკა
"ქართულ ოცნებაში" ეხმიანებიან ბათუმის პორტში სოჭიდან თურქეთის გავლით ჩამოსული საკრუიზო ლაინერზე მყოფი მგზავრების წინააღმდეგ გამართულ აქციას და მას კვლავ "ქაჯობას" უწოდებენ.
ამჯერად შესაბამისი განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა:
"შეიძლება, გულწრფელადაც არის ვინმე იქ მისული, მაგრამ ეს არის ხალხი, ვინც კუდის ქიცინით ხვდებოდა რუსეთის მხრიდან შემოსულ არამარტო ტურისტებს, ეკონომიკას და მთელი საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდა. ახლა ზუსტად იგივე ხალხი აპროტესტებს იმ გაგებით, რომ თურმე ლაინერმა დაარღვია საოკუპაციო კანონი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. რუსეთთან რასაკვირველია როგორც პოლიტიკურად, მორალურადაც ყოველთვის მართლები ვიყავით 90 - იანი წლებიდან მოყოლებული. ამ ურთულეს სიტუაციაში ის პოლიტიკა, რასაც "ნაცმოძრაობა" ანუ გუშინდელი რუსეთისადმი მლიქვნელი პოლიტიკური ძალა ატარებს, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მადლობა ღმერთს თავის რაოდენობით ბევრნი არ არიან, თუმცა ხმაური და გადაცდომები, მათ შორის პოლიციასთან დამოკიდებულება არის თვალში საცემი".
ცნობისთვის: 27 ივლისს ბათუმის პორტში საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერ Astoria Grande–ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. მოგვიანებით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხომალდზე მყოფი მგზავრების წინააღმდეგ გამართულ აქციას გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა:
"ერთი უხეში ტერმინი მინდა გამოვიყენო: რასაც ვხედავთ, მათ შორის, დღეს რაც ვიხილეთ, არის უბრალოდ ქაჯობა და მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქაჯობამ ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა სხვადასხვა დროს, ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, ეს იყო შედარებით გვიანდელი პერიოდი, ეს იყო 2004-12 წლები, მათ შორის, 2008 წელი".
- აღსანიშნავია, რომ 27 ივლისს სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერით ჩამოსულ ერთ-ერთ რუს ტურისტს შესაძლოა, დარღვეული ჰქონდეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი. როგორც ბათუმში ჩამოსულმა რუსეთის ერთ–ერთმა მოქალაქემ თავად განაცხადა, ოკუპირებულ აფხაზეთში ნამყოფი არის.
Astoria Grande ბათუმის პორტში დღესაც შევიდა, რომელსაც კვლავ პროტესტით დახვდნენ. დემონსტრანტები მოითხოვენ, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვოს. შსს–ს ცნობით, აქციაზე 10 პირი დააკავეს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელმაც საქართველოში რუსი ტურისტები შემოიყვანა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.
საიტზე, რომელზეც ლაინერის რეისების შესახებ ინფორმაციაა მითითებული, მარშრუტში ბათუმი აღარ იძებნება.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.


