პარლამენტის თავმჯდომარე აშშ–ის ელჩს მანიპულაციაში ადანაშაულებს
01/08/2023 11:41:37 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბათუმში გამართულ აქციაზე საქართველოში აშშ–ის ელჩის კელი დეგნანის შეფასებას მანიპულაციას უწოდებს.
პაპუაშვილი თანაგუნდელების მსგავსად ირწმუნება, რომ აქციაზე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" პარტაქტივი იყო წარმოდგენილი.
მისი თქმით, ასეთი სახის "ისტერიის" წახალისება რადიკალიზმის გაღვივებას უწყობს ხელს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ძირითადად ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, მათ შორის სტუდენტები აანონსებდნენ და ვინ იყვნენ ეს სტუდენტები? - იქ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელები იყვნენ. ამბობდნენ, რომ სხვადასხვა მოქალაქეები იყვნენ. თავად იყვნენ ჩასულები, ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული პარტიის ლიდერები. იმ აქციაზე სულ იყო 100-200 ადამიანი, რაც თავისთავად არ განასახიერებს იმ განწყობას, რომელიც საზოგადოებაშია. ეს არის აბსოლუტური მანიპულაცია, როდესაც საუბარია იმაზე, თითქოს ეს არის ხალხის ნება. ამასთან დაკავშირებით გამოვეხმაურები აშშ-ს ელჩის განცხადებას, რომ ხალხის ნებაა, რუსი ტურისტი არ შემოვიდეს არც ზღვით და არც ხმელეთით. მან თქვა ეს და ამის თქმა, 150 აქტივისტის ან თუნდაც 300-500 იყოს, ჩვეულებრივი მანიპულაციაა და ქართველი ხალხის დამოკიდებულებასთან კავშირი არ აქვს. საერთოდ, უცხოელი დიპლომატების მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები არის საკმაოდ სახიფათო გზა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვე, მითუმეტეს, უცხოელ მეურვეობას არ საჭიროებს ქართველი ხალხი. ელჩები თუკი ვინმეს წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნის ხალხს და თუკი ვინმეს ინტერესს იცავენ, იცავენ მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა და წარმოდგენა არ გახლავთ უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ცუდი ტენდენციაა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, ეს იქნება ელჩი თუ უცხოელი პოლიტიკოსი ქართველი ხალხის სახელით საუბრის ფაქტები გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. თითქოს ქართველ ხალხს თავად არ ჰყავს წარმომადგენელი და მას სჭირდება უცხოელი დამხმარე იმისთვის, რომ მისი აზრები გააჟღეროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ქვეყანაში რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პაპუაშვილი პასუხობს, რომ „აქ, არანაირ ექსპანსიაზე არ არის საუბარი.
მანამდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რუსი ტურისტებისთვის ოკუპაციაზე კითხვის დასმა პროვოკაცია იყო.
კელი დეგნანმა ბათუმში რუსული გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების პოზიცია:
„არ აქვს მნიშვნელობა, მე რას ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ აჩვენეს. არავინ უნდა ელოდოს, რომ მიესალმებიან რუსების შემოსვლას მაშინ, როდესაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიორიების 20%–ის ოკუპაციას, ხელოვნური გამყოფი ზოლით ყოფს ოჯახებს, აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ზოგჯერ თვეობით ჰყავთ ტყვეობაში. მნიშვნელობა არ აქვს, ხმელეთით შემოვლენ თუ ზღვით. რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა არ მიესლმება. ისინი გამოთქვამენ პროტესტს, რაც კონსტიტუციით დაცული უფლებაა, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციით“.
ცნობისთვის: საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით ჩატარებული საზოგადოების განწყობის კვლევების თანახმად მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მიერ გატარებული ლიბერალური პოლიტიკა.


