
გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ შსს-ს მიმართეს
03/08/2023 09:15:01 სამართალი, საზოგადოება
აბიტურიენტმა, რომელსაც სასამართლო განჩინების მიუხედავად, უარი განუცხადეს გამოცდის დანიშვნაზე, "გამოცდების ეროვნულ ცენტრის" წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. გამოსაცდელის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იცავს, ინფორმაცია კი მისმა ხელმძღვანელმა გაავრცელა "ფეისბუკში".
"შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ამ ქვეყანაში, ადამიანმა გაიფიქროს “რა აზრი აქვს სასამართლოსთვის მიმართვას, თუ მის გადაწყვეტილებებს, სახელმწიფო ორგანო არ შეასრულებს”. თუ ამას დავუშვებთ, მაშინ პროფესია უნდა დავტოვოთ და ამას ჯერ არ ვაპირებთ ადამიანის უფლებების ადვოკატები. ათასნაირი გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გამოცდების ცენტრს: ეთქვა, რომ ასე შევასრულებ განჩინებას, ისე ჩავატარებ გამოცდას. მაგრამ იმის განცხადება, რომ სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებ, უბრალოდ კონსტიტუციის, ყველა ეროვნული კანონის და საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა", - აღნიშნავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი, რომელიც ასევე დასძენს, რომ გეგმავენ იძულებითი აღსრულების მოთხოვნით "აღსრულების ეროვნულ ბიუროს" მიმართონ.
27 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა იმ აბიტურიენტის სარჩელი, რომელიც მოითხოვდა ეროვნულ გამოცდაზე დამატებით დაშვებას. "გამოცდების ეროვნული ცენტრი" განცხადებით ადასტურებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, აბიტურიენტს უარს ეუბნება დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე.
საგამოცდო ცენტრში განმარტავენ, რომ დამატებითი გამოცდის უფლებით სარგებლობა შეეძლოთ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებაში გაატარეს არანაკლებ 24 საათი და მათაც, ვინც ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო ვერ შეძლო ტესტირებაზე მისვლა.
უარის მიღების შემდეგ შიმშილობა დაიწყო იმ აბიტურიენტის დედამ, რომლის შვილსაც "გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა", სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უარი განუცხადა გამოცდის დანიშვნაზე.