
SJC: საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის განცხადებების მხოლოდ ნახევარი კმაყოფილდება
03/08/2023 10:40:52 კონფლიქტები
არასამთავრობო ორგანიზაციის "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC) ცნობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხივალის რეგიონის მოსახლეობის განცხადებების მხოლოდ ნახევარი კმაყოფილდება.
"სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ რეგიონებიდან საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად 240-მა ადამიანმა მოითხოვა. აქედან, მოქალაქეობა მხოლოდ 57%-ს მიენიჭა (138 ადამიანი). არ დაკმაყოფილდა 46 განცხადება, 55 კი განუხილველი დარჩა, ხოლო 1-ზე წარმოება შეჩერებულია. ყველაზე მეტი განაცხადი (120) სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წელს მიიღო, თუმცა აქედან მხოლოდ 65 დაკმაყოფილდა", – აცხადებს SJC.
ორგანიზაციის შეფასებით, მოქალაქეობაზე განაცხადების დაკმაყოფილების დაბალი მაჩვენებელი ნეგატიურად აისახება ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის ზოგად ინტერესზე და მოტივაციაზე, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.
"რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ამ რეგიონების მოსახლეობისთვის საქართველოს მოქალაქეობა მნიშვნელოვან ალტერნატივას წარმოადგენს", – აცხადებს SJC.
SJC–ს მიაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ხელისუფლებამ გაიაზროს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ინტერესები, უფლებები და "აღმოფხვრას ის ბიუროკრატიული თუ პოლიტიკური ბარიერები, რაც მათ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშლის ხელს".