
აფხაზურმა "პროკურატურამ" ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა
03/08/2023 11:40:45 კონფლიქტები
აფხაზურმა "გენერალურმა პროკურატურამ" ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა.
როგორც დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გალის მკვიდრის მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი 28 ივლისს ავტომანქანა «Lexus» GX 470-ის სალონში ოჩამჩირეს მკვიდრმა აინარ ცვიჟბამ მოკლა.
"ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მოკლულის ცხედარი მდინარე ენგურზე მდებარე მესამე ჰესის ტერიტორიაზე წყალში ჩააგდო. ამჟამად ტარდება სამძებრო სამუშაოები ცხედრის ადგილსამყოფელის დასადგენად", – იუწყება დე ფაქტო გენპროკურატურა.
გალის მკვიდრი ნათია ბახტაძე 28 ივლისს გაუჩინარდა. დედამ იამზე აგუმავამ 31 ივლისს სოციალური ქსელით დახმარება ითხოვა, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ე.წ. სახალხო დამცველ ანას ქიშმარიასგან.